მიმდინარე კვირას ბრაზილიაში სკოლის მოსწავლეებს დირექციამ ახალი წესები გააცნო. ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებას კრძალავს.
ტელეფონის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ისიც მასწავლებლის ნებართვის შემდეგ. აკრძალვა არ ეხებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ადრე შესვენების დროს შეეძლოთ მობილურის გამოყენება, თუმცა ყურადღება ადვილად ეფანტებოდათ, ახლა კი აქცენტი სწავლასა და მეგობრებზეა გადატანილი.
სკოლებს აქვთ უფლება, დაადგინონ თავიანთი წესები. მაგალითად, სად უნდა შეინახონ მოსწავლეებმა ტელეფონები, ზურგჩანთებში, კარადებსა თუ სპეციალურ განყოფილებებში.
სანამ კანონი ძალაში შევიდოდა, მსგავსი რეგულაციები უკვე მოქმედებდა ბრაზილიის უმეტეს რეგიონში. სან-პაულუში მდებარე კერძო სკოლა „პორტუ სეგურუში“ მობილურების გამოყენება გასულ წელს აიკრძალა.
„პორტუ-სეგურუს“ სკოლის დირექტორი მეირე ნოსიტო ამბობს, რომ მოსწავლეებს პრობლემები ჰქონდათ კონცენტრაციასთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი ზედმეტად დიდხანს იყენებდა ტექნოლოგიას და მოსწავლე, ფაქტობრივად, იზოლირებული იყო შესვენების დროს.
ერთმანეთთან მხოლოდ სოციალური მედიის საშუალებით კონტაქტობდნენ. ამას კი პირდაპირი გავლენა აქვს უნარებისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე.
ბრაზილიის განათლების სამინისტრომ 3 თებერვალს განაცხადა, რომ მიღებული რეგულაციები მიზნად ისახავს ბავშვების ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვას. მათი აზრით, მოსწავლეები მიეჩვევიან, რომ ტექნოლოგიები უფრო რაციონალურად გამოიყენონ.