მთავარისაქართველოთსუს სტუდენტებისა და პროფესორების მხარდაჭერა აქციაზე დაკავებულებს

თსუს სტუდენტებისა და პროფესორების მხარდაჭერა აქციაზე დაკავებულებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულთა მხარდასაჭერად სოლიდარობის მარში გამართეს. ისინი თავდაპირველად თსუს პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, მსვლელობით საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თსუს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორს, მამუკა კომახიასა და ამავე ფაკულტეტის სტუდენტს, ნიკოლოზ კუტუბიძეს. ისინი 2 თებერვლის აქციაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დააკავეს. ორივე მათგანს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნისადმი“ დაუმორჩილებლობას ედავებიან.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ასევე გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ 3 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, დაჩქარებული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება.

„რეჟიმს უკვე ჰყავს ათეულობით პატიმარი, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები და ეს ერთადერთს ემსახურება, რომ ქვეყანაში არსებული საპროტესტო მუხტი რამენაირად ჩაახშონ. ამის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. ყველა მოლოდინი, რომლებიც, მათ შორი,ს სადღესასწაულო დღეებთან ან აქციების გაშავებასთან ჰქონდათ დაკავშირებული ჩაიშალა და ახლა ცდილობენ, გაამკაცრონ ე.წ. „კანონები“, რომლებსაც არალეგიტიმური პარლამენტი იღებს. მიზანია, ამ თავიანთი დაწერილი კანონებით, დააკავონ მოქალაქეები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მწვავე სიტუაციისა, მშვიდად, წყნარად და ძალადობის გარეშე აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ „ბაკქანალიას“, – თქვა თსუს ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე შუბითიძემ.

„არ შემიძლია, არ ვიყო ჩემი სტუდენტების გვერდით, როცა მათ თავად ვასწავლი, რომ საქართველოს გზა ევროპაშია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით იმ გზაზე, რომელზეც აქამდე მივდიოდით – ევროპისკენ, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისკენ“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ფიქრია ასანიშვილი.

შსს-ს ცნობით, ორი თებერვლის დემონსტრაციაზე აქციის 31 მონაწილე დააკავეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend