1-ელ თებერვალს საავადმყოფოში გარდაიცვალა ზამირ კვეკვესკირი – დევნილი, რომელმაც 27 იანვარს დევნილთა სააგენტოსთან თავის დაწვა სცადა.
„კორუფციული რეჟიმი კლავს დევნილებს” – ამ სახელწოდებით დღეს, 3 თებერვალს, მოქალაქეები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
„ეს ყველა დევნილის ტრაგედიაა. 33 წელია დევნილები სამართალს ვეძებთ, და სამწუხაროდ, ვერ ვპოულობთ. სისტემა თავიდან ბოლომდე კორუმპირებულია. ის უწყებები, რომლებიც დევნილებზე უნდა მუშაობდნენ, ფაქტობრივად დევნილების დისკრიმინაციას ეწევიან. მათ არ ესმით დევნილების ხმა. ფაქტი, რომ 33 წლის შემდეგ ბინით უზრუნველყოფის საკითხი გადაუჭრელია, იმაზე მიგვანიშნებს, რომ სისტემა ძალიან ცუდად მუშაობს“, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ინგა ახალაია.
„რატომ მიიყვანეს დევნილი იმ მდგომარეობამდე, რომ მას ასეთი უკიდურესი, რადიკალური ნაბიჯი გადაედგა? ყოვლად წარმოუდგენელია. სამწუხაროდ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა. ეს აქამდეც მომხდარა. სანამდე უნდა გაგრძელდეს? მერამდენედ უნდა მოხდეს ეს? მანამდე თემქაზე, ზღვის დასახლებაში ადამიანი მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოხტა, რადგან თავის დროზე არავინ მიაქცია ყურადღება. რომ გადმოხტა, იმ ავარიული შენობიდან სხვა დევნილები გაიყვანეს, მაგრამ გარდაცვლილს რა ეშველება? მას გააცოცხლებს ვინმე? ზამირს ვინმე გააცოცხლებს?“ – ამბობს კობა ჭითანავა, „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი.
„ამ ქვეყანას მხოლოდ აფხაზეთიდან 300 000-მდე, ჯამში კი, 500 000-მდე დევნილი ჰყავს. ეს ადამიანები თითქოს არც არსებობენ, ისე ვაგრძელებთ ამ ქვეყანაში ცხოვრებას.
ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს. ჩვენ მიმართ უყურადღებობა უნდა დასრულდეს. ჩვენ საკმარისზე მეტი მსხვერპლი გავიღეთ“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი ვენერო მელუა.