“გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი“ – ასეთია რობერტ კენედი უმცროსის გეგმა, თუ მას სენატი აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცებს. თუმცა რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ამ მიზნის მისაღწევად, იგი ბევრს არ საუბრობს.
დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სექტორში დაასრულებს კორუფციას, „ქრონიკულ დაავადებათა ეპიდემიას“ და, რაც მთავარია, ჯანდაცვას დაუბრუნებს „მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერების“ სახელს.
თუმცა ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ რობერტ კენედი უმცროსის განცხადებები დეზინფორმაციულია და მეცნიერებასთან ამას საერთო არაფერი აქვს.
და მაინც, რას ამბობს რობერტ კენედი უმცროსი? მისი საკვანძო გზავნილები მეტწილად შეეხება ვაქცინაციას, აბორტს, ჯანსაღ კვებასა და წყლის სისუფთავეს.
ვაქცინაციის შესახებ რობერტ კენედის განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. ის ღიად ამბობს, რომ ბავშვთა სავალდებულო ვაქცინაცია მათი სიცოცხლისთვის საშიშია და აუტიზმს ავითარებს. ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ მსგავსი განცხადებები ზრდის რისკს, რომ მშობლები თავს შეიკავებენ და შვილებს აღარ აცრიან, რამაც შესაძლოა , აშშ-ში სერიოზული დაავადებების გავრცელებასა და სიკვდილიანობის ზრდას შეუწყოს ხელი.
საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ რობერტ კენედი უმცროსმა თავისი განცხადებები შეარბილა და თქვა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის, არამედ მას სურს ამ მიმართულებით მეცნიერების ისე განვითარება, რომ ადამიანები ინფორმირებული იყვნენ და შეეძლოთ არჩევანის გაკეთება.
სენატში ოთხშაბათს, 29 იანვარს, რობერტ კენედი უმცროსს მოუსმინეს. ორეგონის შტატის სენატორმა რონ უაიდენმა მას ვაქცინაციის შესახებ კითხვა დაუსვა.
“2020 წელს თქვენ თქვით, რომ ყველაფერს გააკეთებდით, ნებისმიერ ფასს გადაიხდიდით დროში უკან დასაბრუნებლად, რომ თქვენი შვილებისთვის ვაქცინაცია არ ჩაგეტარებინათ. ახლა თქვენ სენატს ატყუებთ, როცა ამბობთ, რომ ვაქცინაციის მომხრე ხართ, თუ მაშინ მოიტყუეთ, იმ გადაცემაში? სხვათა შორის, ჩვენ ყველა ეს ჩანაწერი ფირზე გვაქვს”, – ამბობს რონ უაიდენი, ორეგონის სენატორი.
რობერტ კენედი უმცროსმა ისაუბრა ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ადამიანებზეც და სენატორებთან განაცხადა, რომ სუბიექტურად გადაწყვეტს, დაითხოვოს თუ არა ესა თუ ის ადამიანი სამსახურიდან.
“მე არ გავათავისუფლებ არავის, ვინც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს და ამას პირადი შეხედულების საფუძველზე გავაკეთებ”, – ამბობს რობერტ კენედი უმცროსი.
ვაქცინაციისგან განსხვავებით, მოსახლეობა მხარს უჭერს მის გეგმას ჯანსაღი კვების შესახებ. რობერტ კენედი უმცროსის თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი არაჯანსაღად იკვებება. საუბარია გაყინულ ცომეულზე, ჩიფსებსა და გაზიან სასმელებზე. აგრეთვე, საკვებზე, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, სახამებელსა და ცხიმებს.
მისი თქმით, პრობლემებია სკოლაშიც და მათი შვილები “ტოქსიკურ წვნიანში“ ბანაობენ. კენედი გეგმავს არაჯანსაღი საკვების შეზღუდვას, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად და ბიუროკრატიულად თითქმის შეუძლებელია და სავსეა წინააღმდეგობებით. სურსათის სააგენტო, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის დაქვემდებარებაშია, მუშაობს იმ საკვები პროდუქტების აკრძალვაზე, რომლებზე უფლებაც მას კონგრესისგან აქვს მიღებული. შესაბამისად, აქაც კენედი შეზღუდული იქნება.
რაც შეეხება აბორტის საკითხს, რობერტ კენედიმ სენატში მოსმენისას განაცხადა, რომ ყოველი აბორტი დიდი ტრაგედიაა.
“ვაპირებ, მხარი დავუჭირო დონალდ ტრამპის პოლიტიკას. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, რომ ყოველი აბორტი ტრაგედიაა და არ იქნება მორალურად გამართლებული, თუ წელიწადში 1.2 მილიონი აბორტი გვექნება. ვეთანხმები მას, რომ შტატებმა აბორტის უფლება უნდა დაარეგულირონ”, – ამბობს რობერტ კენედი უმცროსი.
კენედი სასმელი წყლის ფთორირების მოწინააღმდეგეცაა. მრავალი ქვეყანა მიმართავს სასმელ წყალში ფთორის გარევის პრაქტიკას. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ფთორი კბილებს გაფუჭებისგან იცავს. აშშ-ის მოსახლეობის 63%-ს ფთორირებული წყალი მიეწოდება.
2024 წლის ნოემბერში რობერტ კენედი უმცროსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს მიმართავს, აკრძალოს წყლის ფთორირება, რადგან მისი თქმით, ეს იწვევს ართრიტს, ძვლის კიბოს, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას, აგრეთვე, აქვეითებს ადამიანის IQ-ს.
სენატში რობერტ კენედი უმცროსის მოსმენა გრძელდება და უცნობია, დაუჭერენ თუ არა მხარს სენატორები მის კანდიდატურას. თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ჯანდაცვის მინისტრად იმ ადამიანის დანიშვნა, რომლის განცხადებებიც არამეცნიერულია, აშშ-ის ჯანდაცვის სისტემას ბევრ პრობლემას შეუქმნის.