მთავარისაქართველოუცხოელი კურიერის გასაჭირი

უცხოელი კურიერის გასაჭირი

ალბათ უკვე ბევრს დაუგროვდა გამოცდილება, როცა რაიმე ნივთისა თუ საკვების ადგილზე გამოძახების დროს, შეკვეთის მომტანთან კომუნიკაცია უჭირს, რადგან კურიერმა ქართული ენა არ იცის. ბევრს ინგლისურადაც უცდია, მაგრამ კურიერმა ვერც ამ შემთხვევაში შეძლო შემკვეთთან საუბარი.

მომხმარებლები ამბობენ, რომ ყოველი გამოძახებული ათი შეკვეთიდან საშუალოდ 5-ჯერ მაინც შეკვეთა უცხოელ კურიერს მოაქვს, ხშირად კი ისეთ კურიერს, რომელიც სწორედ ამ ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებს შემკვეთთან კომუნიკაციას.

“არასდროს ენა არ ესმის, ვერასდროს ვერ ხვდება სად არის და ძალიან დიდი პრობლემაა ამ სერვისში, რაც გამოსასწორებელია. წუხელ გვქონდა ეგ შემთხვევა: ვერ მოგვაგნო და ვერც ვეუბნებით, სად ვართ, რომ მოვიდეს. ვეუბნებით, შენობასთან მოდი, მაგრამ არ ესმის. ენა არ იციან, ეს პრობლემაა”, – ამბობს მოქალაქე.

“ვერ გიხსნის სად არის, ინგლისური არ იცის”, – ამბობს მოქალაქე.

“ჯერჯერობით მე პრობლემა არ შემქმნია. ერთი ისაა, რომ გზის მოგნება არ იციან”, – ამბობს მოქალაქე.

“პრობლემურია იმიტომ, რომ არ იციან ქართული ენა, არ იციან ინგლისური ენა ისეთ დონეზე, რომ გავაგებინო როგორ მოაგნონ ჩემს კორპუსს. შესაბამისად, სულ პრობლემური სიტუაცია იქმნება ხოლმე”, – ამბობს მოქალაქე.

“თითქმის ყოველთვის პრობლემა მაქვს. ვერ აგნებენ ადგილს, არც რუსული იციან, არც ინგლისური იციან და შესაბამისად, არც ქართული”, – ამბობს მოქალაქე.

ევრონიუს ჯორჯია დაინტერესდა დღეს საქართველოში,  რამდენი უცხოელი კურიერია დასაქმებული  ამ სფეროში.

კომპანია „გლოვოს“ წარმომადგენლების თქმით, ინფორმაცია კონფიდენციალურია. კომპანია „ვოლტმა“ კი ჩვენს შეკითხვებს წერილობით უპასუხა.

„რაც შეეხება უცხოელ პარტნიორ კურიერებს – ზუსტი რიცხვის თქმა რთულია, რადგან ეს სტატისტიკა მუდმივად იცვლება. თუმცა, ამჟამად უცხო ქვეყნის მოქალაქე პარტნიორი კურიერების რაოდენობა 30%-ის ფარგლებშია.
აღსანიშნავია, რომ ვოლტი მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმეებთან აფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, შესაბამისად, თითოეული ჩვენი პარტნიორი კურიერი, საქართველოს, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, გაფორმებულია ფინანსთა სამინისტროს ინდ. მეწარმეთა რეესტრში”, – ნათქვამია წერილში.

საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს თავად უცხოელმა კურიერებმაც. მათი თქმით, სამსახურის მიღება რთული პროცესი არაა და მთავარია, ყველა საბუთი წესრიგში იყოს.

„ზამთარია და მუშაობა ცოტა მიძნელდება, თუმცა სამსახურის მიღება რთული არ ყოფილა. მთავარია, რომ ყველა საბუთი და მცირე მეწარმის სტატუსი წესრიგში გქონდეს. ერთი თვეა, რაც აქ ვმუშაობ და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. ისიც კი, თუ რამდენს გამოიმუშავებ“, – ამბობს რეჰანი, კურიერი.

აუცილებელ დოკუმენტებს შორისაა მართვის მოწმობა. კომპანია “ვოლტის” მიერ გაცემულ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ ყველა პარტნიორ კურიერს, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მართვის მოწმობა მოეთხოვება.

“რაც შეეხება მართვის მოწმობას, ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონტრაქტის გაფორმებისას, ყველა პარტნიორ კურიერს, რომელიც გამოიყენებს მოპედს ან ავტომობილს სამუშაო ტრანსპორტის სახით, უნდა ჰქონდეს შესაბამისი მართვის მოწმობა. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. თუ პარტნიორ კურიერს უცხოეთში აქვს მიღებული მართვის მოწმობა, ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას ჩვენი სისტემისთვის. რა თქმა უნდა, ყველა კურიერი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც გულისხმობს კანონით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვას”, – ნათქვამია წერილში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანება N1072-ის 31-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, უფლება აქვს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მძღოლის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არა უმეტეს მისი საქართველოში ბოლო შემოსვლიდან ერთი წლისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა.

უცხოელი კურიერების მზარდი რაოდენობის მიზეზებზე კომპანიებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend