ჯილდა გერგედავას ძიძად მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს. ძიძად სხვადასხვა ოჯახში მუშაობდა, თავდაპირველად ზეპირი ხელშეკრულებით, თუმცა მოგვიანებით წერილობითი ხელშეკრულებით დასაქმდა და როგორც თავად ჰყვება, ამის შემდეგ მისი შრომითი უფლებები მეტად გაუმჯობესდა.
„პირველ წლებში, ვიდრე ეს ხელშეკრულება შეიქმნებოდა, ზეპირი ხელშეკრულებით ვიმუშავე და ეს იყო ურთულესი. საერთოდ ირღვეოდა ჩემი უფლებები, ყველანაირად. არასდროს ვიცოდი, რომელი საათიდან რომელ საათამდე ვიმუშავებდი, ზეგანაკვეთური შრომა მიწევდა… შემდეგ ისევ ახალ ოჯახში რომ დავიწყე მუშაობა, უკვე გვქონდა ეს ხელშეკრულება, რომელიც ძიძების ასოციაციამ ჩამოაყალიბა და მეგონა, სულ სხვა სფეროში მოვხვდი. 8 საათი ვმუშაობდი, როგორცაა წესი, აბსოლუტურად ყველა წესი იყო დაცული, დამსაქმებელიც ყველა პუნქტს ითვალისწინებდა, მეც და ორივე ვიყავით კმაყოფილი“, – გვიყვება ჯილდა გერგედავა.
საქართველოში ბევრი ძიძაა, ვინც დღესაც ზეპირი ხელშეკრულებით მუშაობს და თავისი შრომითი უფლებების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ ფლობს. მაგალითად, არ იციან, წელიწადში რამდენი დასვენების დღე ეკუთვნით. მათ ნაწილს არც ზეგანაკვეთური შრომა უნაზღაურდება და არც ის იცის, ბავშვის მოვლის გარდა კიდევ რაიმე ევალება თუ არა.
„ხშირია დასვენების დღეებში მუშაობის შემთხვევები, ასევე ხშირია, როდესაც დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობენ, როცა ზეგანაკვეთური შრომა არ ანაზღაურდება, განსაკუთრებით რთულია, როცა სადღეღამისო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ამ დროს რთულია გაემიჯნოს, სად იწყება და სად მთავრდება შრომა“, – ამბობს ნანი ბენდელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი.
„ამ სფეროში შეთანხმება დიდწილად ეფუძნებოდა მხოლოდ ზეპირ ურთიერთობას. ეს ძირითადი შეთანხმება შეიძლებოდა, მხოლოდ ხელფასი ყოფილიყო და დაახლოებით სამუშაო დრო. ზეპირ შეთანხმებაში ყოველთვის შეიძლება ლავირება და მისი შეცვლა. გამომდინარე იქიდან, როგორ იცვლება ოჯახის მდგომარეობა, ურთიერთობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის“, – ამბობს ინა ჩარკვიანი, ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის თანადამფუძნებელი.
არადა, საქართველოში ძიძებს ხშირად უწევთ ისეთი საქმის კეთება, რომელიც ბავშვის მოვლასთან პირდაპირ კავშირში არაა, იქნება ეს სახლის დალაგება თუ სადილის მომზადება.
„არის ასეთი ტერმინი – ძიძა დამხმარე, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს. ერთი საქმე უნდა აკეთოს ადამიანმა, მით უმეტეს, ბავშვთან იმხელა პასუხისმგებლობა გაქვს აღებული, კიდევ რაღაც კერძები რომ ამზადო და სახლი დაალაგო, ბავშვი ზარალდება ამით. ამას აუცილებლად აბალანსებს შრომით ხელშეკრულება, იმიტომ რომ ცალ-ცალკე პუნქტებია. დამხმარის ხელშეკრულება ცალკეა, მომვლელის ხელშეკრულებაში სულ სხვა პუნქტებია, ძიძის ხელშეკრულებაში – სხვა”, – გვიყვება ჯილდა გერგედავა.
ოჯახში არაფორმალური დასაქმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, დაქირავებულს დაუცველ მდგომარეობაში აყენებს.
„ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია მეოთხე წელია ვცდილობთ, პროფესიული ცნობიერება გავაჩინოთ ამ მიმართულებით და შეძლებისდაგვარად დავსაზღვროთ შრომა, რომელიც შეიძლება მათ შეასრულონ. ეს გულისხმობს, რომ თუ ადამიანი დაქირავებულია ოჯახის მხრიდან, როგორც ძიძა, მას ჩამოშორდეს სხვა ნებისმიერი მიმართულების საქმე“, – ამბობს ინა ჩარკვიანი, ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაციის თანადამფუძნებელი.
„დაახლოებით, 2023 წლის მონაცემებით 17 ათასამდე ოჯახში დასაქმებულია, ეს შეიძლება იყვნენ: ძიძები, მძღოლები, მებაღეები, შინ მასწავლებლები და ა.შ.“ – ამბობს ნანი ბენდელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2011 წელს მიღებული კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (C189). ადგილობრივი შრომის კანონმდებლობა ოჯახში დასაქმების ცნებას არ იცნობს და ამ დრომდე არც სასამართლოს უმსჯელია, წარმოადგენს თუ არა ოჯახში ასეთი ფორმით დასაქმება შრომითი კანონებით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობას.
„საერთაშორისო პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში ახლა არის ფორმალური. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2011 წელს 189-ე კონვენცია მიიღეს და საქართველოში ჩვენ ამასაც ვუწევთ ადვოკატირებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კონვენციის რატიფიცირება… ძალიან საინტერესო დამატებითი საშუალებები აქვთ, რითაც ხელს უწყობენ ამ უფლებების რეალიზაციას“, – ამბობს ნანი ბენდელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში 17 ათასი ადამიანი ეწევა შრომას, რომელიც ოჯახში ანაზღაურებად დასაქმებას გულისხმობს. ოჯახში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალები არიან.
ავტორი ანა ალელიშვილი
