მთავარისაქართველო400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებაზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

400-ლარიანი რკინის ჯებირის დაზიანებაზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან აღმართული რკინის დამცავი ჯებირების დაზიანების ბრალდებით დაკავებულ ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება საქმის მოსამართლე ნათია გუდაძემ დაამტკიცა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. სასჯელის სახედ მათ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, რეალურ სასჯელს 1 წლისა და 6 თვის განმავლობაში მოიხდიან, ერთი წელი კი პირობითი სასჯელია განსაზღვრული. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ორივე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ ათ თვეს გაატარებს.

ბრალდებულთა ადვოკატის, დავით გამყრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარეს მოსამართლის დასაბუთებული განაჩენი ჩაბარდება, ის მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.

13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მზაობა გამოთქვა, თუმცა ერთ-ერთმა ბრალდებულმა საბა მეფარიშვილმა უარი განაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია გუდაძემ პროკურორის შეთავაზების განსახილველად ბრალდებულს ერთკვირიანი ვადა მისცა.

ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი 2024 წლის 14 მაისს რუსთაველის გამზირზე ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 400-ლარიანი რკინის დამცავი ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებოდა, საიდანაც კონსტრუქციის თვითღირებულება 250, ხოლო მისი შეკეთების საფასური 150 ლარი იყო. პროკურატურამ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აღძრა, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას გულისხმობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend