აშშ-ისა და ბრიტანეთის საელჩოები, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ.
შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
„მსგავსი ქმედებები, რომლებიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ელჩის, გარეტ უორდის, განცხადებას ავრცელებს.
დიპლომატი წერს, რომ მიუღებელია ოპოზიციის პოლიტიკოსებზე ძალადობა და ჟურნალისტებისა და მომიტინგეების დაკავება. ბრიტანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, უნდა დაიცვას საკუთარი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები. ამასთან ერთად, გარეტ უორდი მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, პასუხისგებაში მისცეს ძალადობაში პასუხისმგებელი პირები.
„დიდი ბრიტანეთი შეუერთდა ევროპელ პარტნიორებს და მკაცრად დაგმეს ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ“, – ვკითხულობთ გარეტ უორდის განცხადებაში.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში კი ეხმიანება „ნეტგაზეთისა” და „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ამავე მედიასაშუალებების წარმომადგენლის გურამ მურვანიძის დაპატიმრებას.
„მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
ევროკავშირი ითხოვს, რომ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
