უკვე 15 თვეა, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ღაზაში, სადაც ყოველდღიურად ისმის აფეთქებების ხმა. იღუპებიან პალესტინელები. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ომში დაღუპულთა რაოდენობა უკვე 46,000-ს აჭარბებს. ის კი, ვინც სიკვდილს გადაურჩა, მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების მიწოდებაც დღითიდღე რთულდება.
Across #Gaza, thousands endure brutal winter conditions struggling for survival in makeshift shelters. Access for aid is limited and basic supplies are scarce.
Children continue to be among the most vulnerable, facing malnutrition, illness, and trauma as the crisis goes on.… pic.twitter.com/CrH8rp32I1
— UNRWA (@UNRWA) January 14, 2025
კატარში კი გრძელდება მოლაპარაკება, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებას უკავშირდება. მიღწეულია პროგრესი და უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმება, რომ 15-თვიანი ომი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს პერიოდში დასრულდება. „ასოშიეიტიდ პრესი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს უკვე შემუშავებული აქვთ შეთანხმების პაქტი, ახლა მხოლოდ გარკვეულ დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა.
იმას, რომ ღაზაში ისრაელის საომარი მოქმედებები მალე დასრულდება, ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელსაც სჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
2023 წლის 7 ოქტომბრიდან „ჰამასის“ ტყვეობაში 100 ადამიანია, თუმცა, როგორც ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, მათი ნაწილი ცოცხალი აღარ არის. შეთანხმება დაუყოვნებლივ ვერ შევა ძალაში. გეგმა ჯერ უსაფრთხოების წარმომადგენლებმა, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის კაბინეტმა უნდა დაამტკიცონ.
„ჰამასის“ განცხადებით, მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.