საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად, ორბელიანების სასახლესთან შეკრებილებს სიტყვით სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მან განაცხადა, რომ სასახლეს ტოვებს, ლეგიტიმურობა მოდის ხალხისგან და ამიტომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.
სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო აქციებისას დაკავებულ მოქალაქეებს და განაცხადა, რომ ახლა ერთმანეთისადმი სოლიდარობა ყველაზე მნიშვნელოვანია.
„პირველ რიგში, მინდა, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში. 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად.
საჭიროა, ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას – ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს დაჭერილი და რომლებიც ასევე იხდიან ჯარიმებს. ამ ყველაფერში უნდა შევეხიდოთ და ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფონდი. ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან – ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი იმიტომ, რომ სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს მათ ათავისუფლებს, მან არ იცის, რა საგანძურს ტოვებს გარეთ. იცის, რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანები არ სჭირდებათ და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შეიქმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მხარდამჭერებისთვის სიტყვით მიმართვისას, სალომე ზურაბიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ განაგრძობს შეხვედრებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან.
„თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, სანამ ჩვენ არ დავნიშნავთ არჩევნებს და სანამ ჩვენ არ გვექნება თავისუფალი არჩევნები და ჩვენი არჩეული ღირსეული ხელისუფლება. „დეტალურად, დოკუმენტურად ამის დადებაზე ვიმუშავებ მე ყველასთან ერთად, ვინც ამ საქმეში იყო და არის ჩართული იმისთვის, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დავდოთ დოკუმენტი და იყოს ეს არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. ეს არ არის ლოზუნგი, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ეს არ არის რიტორიკული განცხადება, ეს არის რეალური მოთხოვნა და ამიტომ უნდა იყოს რეალურად დაფუძნებული თავის პირობებზე.
არჩევნები ჩატარდება – სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი – პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს – თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის მნიშვნელობასაც. მისი შეფასებით, ამის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი არჩევნებისა და საზოგადოების უზრუნველყოფა.
„უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაცია და თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი, ამიტომ ეს ჩვენი ყველას ვალდებულებაა და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ორბელიანების სასახლესთან სიტყვით მიმართვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ჯერ ათონელის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებთან გადაინაცვლა, მოგვიანებით კი სვეტიცხოვლის ტაძარში მივიდა.