კატეგორიები

„სამოქალაქო უფლებები საპოლიციო ტერორის პირისპირ“ – საიას ანგარიში

„სამოქალაქო უფლებები საპოლიციო ტერორის პირისპირ“ – საიას ანგარიში

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, საპოლიციო ძალების მიერ ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ სახეზეა დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ.

ორგანიზაცია პროტესტის 30 დღის შეჯამებისას წერს, რომ განვითარდა შემდეგი მოვლენები:

  • წამება; არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ;

  • აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების არა მარტო დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;

  • არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმა დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე;

  • მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც არაერთ შემთხვევაში დაზიანებებითა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდებოდა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საგანგაშოა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე არ მომხდარა საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

საია თავის ანგარიშში ასევე წერს ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის გამოყენების ტენდენციებზე:

  • პოლიციელებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა არა მხოლოდ ცალკეული პირების მიმართ, არამედ შეკრებების ყველა მონაწილის წინააღმდეგ, მიუხედავად მათი მშვიდობიანი ხასიათისა;

  • პოლიცია ძალადობრივად ექცეოდა დემონსტრანტებს, რომლებიც წინააღმდეგობის ნიშნებს არ ავლენდნენ;

  • არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა დეტალური ჩვენებების მიხედვით, პოლიციელები განაგრძობდნენ დაკავებულების მიმართ სასტიკ მოპყრობას სატრანსპორტო ფურგონებში;

  • უცნობი პირები, რომლებიც დაუნდობლად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, პროტესტის მონაწილეებსა და სხვა პირებს, მოქმედებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების პირდაპირი ან მდუმარე თანხმობით.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, აბსოლუტურად ყველა შემთხვევა გასული 1 თვის განმავლობაში, როდესაც საპოლიციო რაზმებმა დაიწყეს სრული მასშტაბით აქციის დაშლა, იყო უკანონო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ცრემლმდენი გაზის, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის, როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომბინაციაში გამოყენება, იყო უკანონო და არაპროპორციული, განსაკუთრებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებები არა მარტო არაპროპორციულია, არამედ თავისი შინაარსით უტოლდება ორგანიზებულ დანაშაულს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დემონსტრანტების ბრალდების საქმეებთან დაკავშირებით სასამართლოში სამართალწარმოებისას გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდებულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე, არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის არარსებობა და სხვა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები