მთავარიევროპარუმინეთირუმინეთის ახალი კოალიციური ხელისუფლების მეთაურად მარჩელ ჩოლაკუ დაინიშნა

რუმინეთის ახალი კოალიციური ხელისუფლების მეთაურად მარჩელ ჩოლაკუ დაინიშნა

რუმინეთის პრეზიდენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ახალი პროევროპული კოალიციური ხელისუფლების მეთაურად დანიშნა. ევროკავშირის წევრ ქვეყანაში იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის დასრულებას შეუწყობს ხელს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მიერ 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოჰყვა.

პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი მემარცხენე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრ მარჩელ ჩოლაკუს მიანდო. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ.

„გადაწყვიტე, მივიღო პროევროპული კოალიციის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარჩელ ჩოლაკუს ვნიშნავ. ამავდროულად, მსურს ვუსურვო წარმატებები ახალ კოალიციას, პროევროპულ, პრორუმინულ ერთობას, რომელსაც აქვს ყველა შესაძლებლობა, გააგრძელოს რუმინეთის სწორი მიმართულებით სვლა“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ახალი პროევროპული კოალიციური ხელისუფლების მეთაურად დანიშნა. ჩოლაკუმ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მიმართა ქვეყნის მოსახლეობას, რუმინეთი, 23 დეკემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

ჩოლაკუ, რომლის პარტიამაც დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2023 წლის ივნისიდან არის.

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის პირველ ტურშიც 62 წლის მემარჯვენე პოლიტიკოსმა კალინ გეორგესკუმ მოულოდნელად გაიმარჯვა.

პრეზიდენტი კლაუს იოჰანისის მიერ გასაჯაროებული სადაზვერვო ცნობების თანახმად, კრემლმა სოციალურ მედიაპლატფორმა TikTok-ზე ათასობით ანგარიში გამოიყენა კალინ გეორგესკუს კანდიდატურის პოპულარიზებისთვის. შედეგად, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა.

„თქვენ მიერ მონიჭებული მანდატი ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ ვისწავლეთ წარსული შეცდომებიდან. ვიმედოვნებ, რომ კოალიციაში კოლეგებთან ერთად ვიპოვით საუკეთესო გზებს იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთა წინაშეც ვდგავართ. ვიცი, რომ ეს ადვილი გასაკეთებელი არ იქნება. აუცილებელია, ამ ხელისუფლებამ აღადგინოს ინვესტორების ნდობა და უზრუნველყოს სანდო კლიმატი ბიზნესის წარმოებისთვის“, – ამბობს მარჩელ ჩოლაკუ.

ახალი კოალიცია სამ – სოციალ-დემოკრატიულ, ეროვნულ ლიბერალურ და მცირე ეთნიკურ უნგრულ პარტიას მოიცავს.

სამივე დაჯგუფება ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო პროევროპულ კანდიდატზე შეთანხმდა, თუმცა ამ დროისთვის არჩევნების დღის ზუსტი თარიღი უცნობია.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირსა და ნატოსადმი კრიტიკულად განწყობილი, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ძალების ჩასახშობად გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯია.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend