კატეგორიები

რუმინეთში დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი

რუმინეთში დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი
1 მილიონ 100 000 ევროს ოდენობის თანხის უკანონოდ მითვისებაში ეჭვმიტანილი კალინ ჯორჯესკუ რუმინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს.

ქვეყნის ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს პრესრელიზის თანახმად, რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა 2021 წელს კიდევ ორ პირთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი იტალიის მოქალაქეა, შექმნა დანაშაულებრივი დაჯგუფება და რუმინელ ბიზნესმენებს სთავაზობდა მილიონი ევროს ღირებულების კრედიტის მიღებას, თუმცა ამისთვის წინასწარი ფულადი შენატანი იყო საჭირო.

როგორც გამოძიებით გაირკვა, თაღლითური სქემის ფარგლებში, დაზარალებულმა ჯერ ერთი მილიონი ევრო გადარიცხა, სანაცვლოდ 6-მილიონიანი კრედიტის მისაღებად, შემდგომ კი კიდევ 100 000 ევრო, როცა ეჭვმიტანილებმა კრედიტის ლიმიტის 15 მილიონამდე გაზრდა შესთავაზეს.

Euronews-ის რუმინული სამსახურის ცნობით, ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა სიგნალის დამხშობი მოწყობილობა და მალტის ორდენის მქონე, ვინაობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ე.წ. „სენატორ“ კალინ ჯორჯესკუს სახელზე.

ამასთან, ადგილობრივი მედიის თანახმად, საქმეში ფიგურირებს დომინიკაში რეგისტრირებული ბანკი, რომელიც ფორმალურად ეკუთვნოდა შვეიცარიის მოქალაქეს, თუმცა კონტროლდებოდა რუსეთის მოქალაქეების მიერ.

სწორედ ამ ბანკის ანგარიშზე გადარიცხა მილიონ ევროზე მეტი დაზარალებულმა - ბანკის შვეიცარიელი მფლობელი კი, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო რუს ბიზნესმენ ანდრეი კოჩეტკოვთან.

ეს კალინ ჯორჯესკუსადმი თაღლითობის საქმეზე წაყენებული ბრალდება პირველი არ არის. 2024 წელს რუმინელმა სამართალდამცავებმა მას ბრალი წარუდგინეს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის.

იმავე წელს პოლიტიკოსმა მოულოდნელად მოიპოვა გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრის შედეგები გააუქმა პროცესში „კრემლის ჩარევის გამო“ და არ დაუშვა ჯორჯესკუ განმეორებით არჩევნებზე - ეს მას შემდეგ, რაც კიბერთავდასხმებისა და სოციალურ მედიაში მისი საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტები გასაჯაროვდა.

მომდევნო წელს კალინ ჯორჯესკუმ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

დაკავშირებული ამბები
რუმინეთში დააკავეს ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რუმინეთის მოსახლეობა მზარდი რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ განაგრძობს ცხოვრებას