შავ ზღვაში, რუმინეთის საზღვრის სიახლოვეს დრონი შეეჯახა სატვირთო გემს, რომელსაც მარცვლეული გადაჰქონდა - დაიღუპა 2 პირი, ხოლო 11 დაშავდა.
რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ დაშავებულები გემ Royad Mammadov-ის ეკიპაჟის წევრები არიან. ხომალდი კი, რუმინული მედიის ცნობით, თურქეთის დროშის ქვეშ მიცურავდა.
ადგილობრივი ტელეარხის, PRO TV News-ის ცნობით, გემს ერთი ან ორი დრონი დაეჯახა, თუმცა რუმინეთის ხელისუფლებას ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ინციდენტი იმ ფონზე მოხდა, როდესაც ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები, მათ შორის NATO-ს წევრი რუმინეთი, კვლავაც ხშირად ხდებიან თავიანთ საჰაერო სივრცეებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის შემთხვევების მოწმეები. დრონების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდის.
აგვისტოში, საბრძოლო თვითმფრინავმა შავი ზღვისპირეთში, ევროპის უდიდესი გაზის მომპოვებელი პროექტის სიახლოვეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული საზღვაო დრონი გაანადგურა. ეს მოხდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და უკრაინის საზღვართან ჩამოვარდა.
მაშინ ევროპული ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა, მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და დაგმო ის, რაც მან მოსკოვის მხრიდან „უპასუხისმგებლო ინციდენტების“ ესკალაციად შეაფასა.
