23 დეკემბერს ოპოზიციონერმა ლიდერებმა გაერთიანებულ შეხვედრაზე კვლავ იმსჯელეს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის საკითხზე.
საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების ლიდერებს არსებული ვითარებიდან გამოსავლად ახალი არჩევნების დანიშვნა მიაჩნიათ.
დღევანდელი შეხვედრის მონაწილე პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მყარად შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება.
„ჩვენ გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, გარდა იმისა, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, რა საარჩევნო ადმინისტრაციის, რა წესების პირობებში უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ამ დოკუმენტს საბოლოო ფორმას მივცემთ დღევანდელი ღამის მანძილზე და ხვალისთვის ამ გამზადებული დოკუმენტით მივალთ პრეზიდენტთან. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ ძალოვანი უწყებების კონტროლი არ უნდა ჰქონდეს თვითმარქვია რეჟიმს იმისთვის, რომ კვლავ არ შეძლოს სპეცოპერაციის ჩატარება, რომელსაც არჩევნები ჰქვია.
ამაზე ჩვენ შეჯერებული გვაქვს, რა სისტემური ცვლილებებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ არჩევნების წესებამდე მივიდეთ. საბოლოო ჯამში, ქვეყანა დაუბრუნდება ნორმალურ პირობებს, როგორც კი ამ ქვეყანაში „დებიძინიზაცია” მოხდება. სხვა გამოსავალი არ არის. ბიძინა არის ქაოსი.
რაც უფრო გაწელავს ახალი არჩევნების დანიშვნას თვითმარქვია რეჟიმი, მით უფრო მძიმე იქნება შედეგები მისთვის”, – განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიორგი ვაშაძემ.