მთავარიამერიკააშშდონალდ ტრამპს პანამის არხზე კონტროლის აღდგენა სურს

დონალდ ტრამპს პანამის არხზე კონტროლის აღდგენა სურს

დონალდ ტრამპს პანამის არხზე კონტროლის აღდგენა სურს. 22 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა არიზონაში სიტყვით გამოსვლისას პანამის არხით ამერიკული გემების მიმოსვლის მაღალი ტარიფების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ტარიფები უსამართლო და სასაცილოა და ეს დაუყოვნებლივ შეჩერდება. გარდა ამისა, ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები პანამის არხის „არასწორ ხელში“ მოხვედრას არ დაუშვებს.

„ჩვენს საზღვაო ძალებსა და კომერციულ გემებს  ძალიან უსამართლოდ და არაკეთილსინდისიერად ეპყრობოდნენ. პანამის მიერ დაწესებული გადასახადები სასაცილო და უკიდურესად უსამართლოა, განსაკუთრებით იმ არაჩვეულებრივი კეთილშობილების ფონზე, რომელიც პანამას უბოძეს. ეს შეჩერდება. შეერთებულ შტატებს დიდი ინტერესი აქვს პანამის არხის უსაფრთხო, ეფექტურ და საიმედო ფუნქციონირებაში”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებას პანამის პრეზიდენტმა მალევე უპასუხა. ხოსე რაულ მულინომ აღნიშნა, რომ პანამის არხი და მისი შემოგარენი პანამას ეკუთვნის და ეს არ შეიცვლება. მან კატეგორიულად უარყო დონალდ ტრამპის წინადადება და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პანამის არხზე კონტროლის შესაძლო აღდგენის პერსპექტივა. მულინომ თქვა ისიც, რომ არხზე გემების მიმოსვლის ტარიფებს ექსპერტები საოპერაციო ხარჯების გათვალისწინებით ადგენენ. მისივე თქმით, ჩინეთი, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები ან სხვა რომელიმე ქვეყანა არხს არც პირდაპირ და არც ირიბად არ აკონტროლებს.

პანამის არხი Copyright AP Photo

„პანამის არხი და მისი მიმდებარე ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი პანამას ეკუთვნის და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა განხილვას არ ექვემდებარება… მას შემდეგ, რაც არხი პანამის ხელში მოხვდა, გაიზარდა. მას მართავენ კვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც მკაფიო წესების მიხედვით, არხის მუშაობაზე, მის დაცვასა და მოვლაზე არიან პასუხისმგებელი. ეს არხის უსაფრთხო, უწყვეტ, ეფექტურ და მომგებიან მუშაობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ხოსე რაულ მულინომ.

პანამის პრეზიდენტის სიტყვებს დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით უპასუხა. „ამას ვნახავთ“, – მულინოს განცხადებას არჩეულმა პრეზიდენტმა ეს სიტყვები დაურთო. მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ფოტო წარწერით – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამერიკის შეერთებული შტატების არხში“.

ამერიკის შეერთებული შტატები პანამის არხს 1999 წლის ბოლომდე განაგებდა. არხზე კონტროლი პანამას 2000 წლიდან გადაეცა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend