14 თვეზე მეტია ღაზაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 14 თვეზე მეტია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია. ვითარებას ზამთარი კიდევ უფრო ამწვავებს.
იძულებით გადაადგილებულ პირებს, ხშირად უწევთ წვიმისგან და ქარისგან დაზიანებული კარვების გამაგრება. კარვები მათი ერთადერთი თავშესაფარია.
ღაზაში უკვე 1 900 000 ადამიანი ითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად. მათ არ აქვთ საკმარისი ინვენტარი და საკვები ზამთრის ცივი დღეების გასამკლავებლად. ეს პირობები განსაკუთრებით მძიმეა ბავშვებისთვის. UNICE-ი ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, მოამარაგოს ისინი თბილი ტანსაცმლითა და საბნებით.
,,ყინავს და წვიმს. შეხედეთ ჩემს შვილს – ის მთლიანად სველია. კარავში წვიმის წყალი ყველგან ჩამოდის. ეს თუნუქის ყუთი აქ წყლის შესაგროვებლად დავდე. ღამე ძალიან ციოდა. გამეღვიძა და დავინახე, რომ ჩემი შვილი კანკალებდა. შიშველი ხელებით გავათბე, მხოლოდ ამის გაკეთება შემეძლო“ – ამბობს კარავში მცხოვრები არასრულწლოვანის დედა.
ცენტრალურ ღაზაში ზამთრის მკაცრ პირობებთან გამკლავება ყველაზე მეტად სწორედ ბავშვებს უჭირთ. თუმცა მათ იციან, რომ მშობლებთან ერთად გადარჩენისთვის უნდა იბრძოლონ. თერთმეტი წლის იუსეფი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად თბილი სახლი ენატრება.
„ოდესღაც თბილად ვცხოვრობდით ჩვენს სახლებში… ახლა კი კარავში ვართ, სიცივესა და წვიმაში. ჩვენი კარავი დაგლეჯილია. წვიმისგან ვეღარაფერი დაგვიცავს“ – ეუბნება ჟურნალისტს იუსეფი.
ღაზაში ბავშვებისთვის არაფერია. ახლა ისინი მხოლოდ პირველადი საჭიროების ნივთებზე ოცნებობენ. მაგალითად ზამთრის ცივ დღეებში, თბილი ტანსაცმელიც კი საკმარისია მათი ბედნიერებისთვის.
ისრაელი კვლავ განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ ღაზის მიმართულებით. გასულ კვირას ისრაელელი სამხედროების მორიგ შეტევას 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.