რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მწვავე ენერგოკრიზისია. მიზეზი ერთი მხრივ, სოხუმისთვის კრემლის დაფინანსების შეწყვეტა, მეორე მხრივ კი ენგურის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკული ვარდნაა.
შექმნილი მდგომარეობის გამო, 11 დეკემბრის დილას დროებით ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყდა, აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლებას“ კი დენის მიწოდების სპეციალური გრაფიკის შემუშავება მოუწია.
დე ფაქტო „რესპუბლიკის“ მოსახლეობას ელექტროენერგია დღის განმავლობაში ორჯერ, ჯამში 2 საათითა და 48 წუთით მიეწოდება.
21 საათიდან დილის 7 საათამდე კი იმოქმედებს ე.წ. „ეკონომიური რეჟიმი“. ასევე, მოსახლეობას შეზღუდული ექნება წვდომა ინტერნეტზე. როგორც დე ფაქტო „მმართველობა“ განმარტავს, ენერგოკრიზისს დამატებით „კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგი იწვევს“.