განათლების სამინისტროსთან სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საპროტესტო აქცია გაიმართა.
„ქართული განათლება საფრთხეშია“ – ეს პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი იყო. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, განათლების სექტორში დასაქმებულებს ახსენებენ, თუ ვის წინაშე არიან ვალდებულები და რისთვის მუშაობენ.
მათი განცხადებით, „ქართული ოცნების” მმართველობის მე-12 წლის თავზე განათლების სექტორს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სრულიად დაკარგული აქვს და პარტიული გავლენების ქვეშაა მოქცეული.
ადგილზე შეკრებილებმა ქართული განათლების სისტემის ევროპული საგანმანათლებლო სივრცისაგან იზოლაციაში მოქცევაზე ისაუბრეს და ქვეყნისთვის ევროპული საგარეო კურსის დაბრუნება, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს.
განათლების სამინისტროსთან საკუთარი საპროტესტო გზავნილებით მივიდა STEM – სამეცნიერო და ტექნიკური საზოგადოებაც.
მოგვიანებით, განათლების სამინისტროსთან შეკრებილებმა რესპუბლიკის მოედანზე გადმოინაცვლეს და საჯარო მოხელეების საპროტესტო მსვლელობას შეუერთდნენ.