ეროვნული ასამბლეის მიერ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მიშელ ბარნიემ ელისეის სასახლეში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად წარადგინა.
2025 წლის ზაფხულამდე, იქამდე სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იქნება შესაძლებელი, ქვეყანას დროებითი მთავრობა უხელმძღვანელებს.
ახლა კი, პრეზიდენტმა ემანუელ მარკონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ახალი კანდიდატურა უნდა წარადგინოს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამ თანამდებობაზე პრეზიდენტი – უაღრესად დაყოფილი ეროვნული ასამბლეის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ცენტრისტ პოლიტიკოსს დაასახელებს.
Adresse aux Français. https://t.co/irpXQN9qfN
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) December 5, 2024
“რამდენიმე დღეში პრემიერმინისტრობის ახალ კანდიდატს დავასახელებ. საერთო ინტერესებისთვის, მე ვთხოვ მათ ჩამოაყალიბონ ახალი მთავრობა, რომელიც მისაღები იქნება მმართველი კოალიციის ყველა პოლიტიკური ძალისთვის და რომელსაც ისინი ნდობას გამოუცხადებენ. პრემიერ-მინისტრი ჩამოაყალიბებს უფრო ეფექტიან მთავრობას, რომელიც თქვენს სამსახურში ჩადგება. ახალი მთავრობის პრიორიტეტი ბიუჯეტის საკითხი იქნება. დეკემბრის შუა რიცხვებამდე პარლამენტს წარედგინება სპეციალური კანონპროექტი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანა და ჩვენი საჯარო სამსახურები შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას. კანონპროექტი ძალაში 2025 წლიდან შევა“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.
ეს 1962 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნული ასამბლეა მთავრობას უნდობლობას უცხადებს. შედეგად, მიშელ ბარნიე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადის მქონე პრემიერ-მინისტრი გახდა.
„2025 წლის დასაწყისში ახალი მთავრობა მოამზადებს ახალ საბიუჯეტო გეგმას. ეს გვჭირდება იმიტომ, რომ ფრანგები დავიცვათ გადასახადების ავტომატური ზრდისგან, რომელიც ინფლაციასთანაა დაკავშირებული. აგრეთვე, არ მინდა დაზარალდეს ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს. ახალი საბიუჯეტო გეგმა გვჭირდება იმისთვისაც, რომ ქვეყანამ ინვესტიცია ჩადოს ჯარში, მართლმსაჯულების სისტემაში, პოლიციასა და ასევე ჩვენს მებრძოლ ფერმერებში, რომლებიც ახალი გეგმის დეტალებს ელოდებიან“, – ემანუელ მაკრონი.
ამავდროულად ისმის მოწოდებები ემანუელ მაკრონის გადადგომის შესახებაც. მიუხედავად პრეზიდენტის გაცხადებული გადაწყვეტილებისა – ვადის ამოწურვამდე დარჩეს პოსტზე, მემარჯვენე პარტიის ,,ეროვნული ერთობის“ ლიდერი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მაკრონის გადადგომის შესახებ მოთხოვნები სულ უფრო გაძლიერდება. ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ულტრამემარჯვენეებს ქაოსის დათესვა სურთ.
„ფრანგმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების წინააღმდეგ მისცეს ხმა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათ პლატფორმას ეწინააღმდეგება და მათივე ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. ამით მათ აირჩიეს ქაოსი და ეს არის ერთადერთი რამ, რაც ულტრამემარცხენეებთან აკავშირებთ. ისინი ყველაფერს არეულობის შესაქმნელად აკეთებენ“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.
ვინ იქნება საფრანგეთის პრემიერმინისტრობის ახალი კანდიდატი, ემანუელ მაკრონს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.