მთავარისაქართველოდიღმის ჭალების დასუფთავება სასამართლომ მერიას დაავალა

დიღმის ჭალების დასუფთავება სასამართლომ მერიას დაავალა

დიღმის ჭალები – უნიკალური ეკოსისტემა თბილისის შემოსასვლელში, სადაც წავები, მელიები, ყანჩები სა სხვა იშვიათი ფრინველები ბინადრობენ, ბოლო წლების განმავლობაში სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გაივსო.

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ მდინარე მტკვრის ხუთკილომეტრიანი ზოლი, აქ ჯებირებში მოქცეული არ არის და დედაქალაქს ბუნებრივი ჭალის ტყით უკავშირდება.

“ფაქტია და უდავოა, თავადაც აღიარებენ, რომ დიღმის ჭალები არის თბილისისთვის უნიკალური ტერიტორია, ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ სანაპიროზე და მდინარეს შეეხონ, – ასეთი შესაძლებლობა თბილისში სხვაგან სამწუხაროდ არ გვაქვს, – ამბობს ადვოკატი კახა კოჟოიძე

მერიისთვის ჭალების დასუფთავების დაკისრების გადაწყვეტილება ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მოსამართლე ანა ჩხეტიამ 20 ნოემბერს მიიღო.

“სამწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ – დღეის მდგომარეობით საქალაქო სასამართლომ მერიას სრულად დააკისრა ამ ტერიტორიის დასუფთავება ყველა ტიპის ნარჩენისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული საქმე მთელი თბილისისთვის შედეგის თვალსაზრისით, ასევე იურიდიული კუთხით. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ თქვა, რომ შეიძლება პირადად შენს საკუთრებას არ ეხებოდეს საკითხი, მაგრამ თუ გარემოს ეხება, ეს ეხება ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამისად, მოქალაქეს აქვს ამ საკითხზე დავის უფლება,”- ამბობს კოჟოიძე.

ჭალებში სამშენებლო და ინერტული ნარჩენები წლების განმავლობაში წიაღისეულის უკანონო მოპოვებისას დაგროვდა. ქვა-ღორღის მოპოვების დროს წარმოქმნილ ღრმულებში სატვირთო მანქანები დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ. როგორც მოგვიანებით დადგინდა, აქ დაყრილი ნარჩენების რაოდენობამ, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრს გადააჭარბა.

“წუთში ხუთი სატვირთო მოდიოდა სამშენებლო ნარჩენით დატვირთული, ამან გამოიწვია ამდენი ნარჩენის დაგროვება. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რამდენი ხანი დაჭირდება მერიას, რომ გაიტანოს ეს ნარჩენი. პირველ რიგში ეს იმ ტიპის ნარჩენებია, რომელსაც მარტივად ვერ გაიტანენ – ამას დაჭირდება პროექტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს ჭალის ტყესთან. ეკოსისტემასთან, რომელიც მუდმივად ცვალებადია, ამიტომ უნდა დაიგეგმოს, როგორ უნდა მოხდეს გატანა და სად უნდა მოხდეს განთავსება,” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ანა ტრაპაიძე.

სამართლებრივი ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ დიღმის ჭალების დამცველმა ანა ტრაპაიძემ 2020 წელს, მას შემდეგ წამოიწყო, რაც მერიას ნარჩენების გატანის მოთხოვნით პირველად მიმართა და უარი მიიღო.

“მერია ხშირად გვპასუხობდა, რომ ეს მათ კომპეტენცია არ არის, რომ ამის გატანის საშუალება არ აქვთ. ამ სასამართლო გადაწყვეტილებით მოსამართლემ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი არის პასუხისმგებელი მის არეალში არსებულ ყველა დაბინძურებაზე, ანუ მან უნდა დაასუფთაოს, თუ არ არის გამოვლენილი დამნაშავე. დარწმუნებული ვარ, რომ დიღმის ჭალები გახდება პირველი საქმე და შემდეგ ამას მოჰყვება უკვე სხვა ტერიტორიების დასუფთავებაც, – ამბობს ტრაპაიძე.

“სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის – როგორც მინიმუმ, აჩერებს დაბინძურების გაგრძელებას და სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც ასწორებს იმ ზიანს, რაც დიღმის ჭალებს მიადგა. ეს გადაწყვეტილება შესაძლებლობას აძლევს საზოგადოებას, რომ დიღმის ჭალების უნიკალური ტერიტორია სწორად განვითარდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” – ამბობს ადვოკატი კახა კოჟორიძე.

იმის გასარკვევად, თუ რას აპირებს ქალაქის მთავრობა, თბილისის მერიას მივმართეთ. მუნიციპალიტეტიდან წერილობით გვიპასუხეს.

„თბილისის მერიას თავისი პოზიციები აქვს, რასაც სასამართლო პროცესზე ვაფიქსირებთ და ვასაბუთებთ, თუმცა, ამის მიუხედავად, თბილისის მერია შეასრულებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას“ – ნათქვამია წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend