სამხრეთკორეელი დეპუტატი აცხადებს, რომ ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეა რუსეთს არა მხოლოდ ჯარს, არამედ „საბრძოლო მარაგებსაც“ უგზავნის.
ლი სონ გვონის თქმით, შესაძლებელია, რომ ფხენიანმა რუსეთს გაუგზავნა პერსონალიც, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაში დაეხმარება.
„ეროვნულმა დაზვერვის სამსახურმა გაარკვია, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთში არამარტო ჯარს, არამედ დამატებით საომარ მარაგსაც აგზავნის. დადასტურდა, რომ საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების შემდეგ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში დამატებით შეიტანა შორი დისტანციის არტილერია, როგორებიცაა თვითმავალი არტილერია და 240 მმ-იანი მრავალჯერადი სარაკეტო დანადგარები.
ეს არ არის იმ ტიპის იარაღი, რომელსაც რუსეთი ჩვეულებრივ იყენებს. ამიტომ შესაძლებელია, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა პერსონალიც, რომელიც ასწავლის რუს სამხედროებს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ და გაუმკლავდნენ ტექნიკურ სამუშაოებს“, – განაცხადა ლი სონ გვონმა.