კატეგორიები

ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, პირველი ქალი ლიდერი ჰყავდეს

ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, პირველი ქალი ლიდერი ჰყავდეს
კიმ ჩენ ინის სულ უფრო ხშირი გამოჩენა თავის ქალიშვილთან ერთად საერთოდ არ არის შემთხვევითი მოვლენა - ასე ფიქრობენ ანალიტიკოსებიც და ყოფილი დიპლომატებიც, რომლებსაც ფხენიანთან მუშაობის გამოცდილება აქვთ.

მათი ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი საჯაროდ ცნობილ ერთადერთ შვილს მემკვიდრედ განიხილავს და მის სხვადასხვა სამხედრო ღონისძიებაზე თანმხლებ პირად წაყვანით აცნობს ქვეყნის შიდა საქმეების სპეციფიკას.

დიპლომატი ტე იონხო, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მოადგილის პოსტს იკავებდა და სახელი იმით გაითქვა, რომ გახდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირი, ვინც ფხენიანის რეჟიმს თავი დააღწია, ახლა სამხრეთ კორეაში იმყოფება და იქ გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. ყოფილი დიპლომატი პარალელს ავლებს წარსულთან, როდესაც კიმ ჩენ ინის მამას, ასევე ყველა ღონისძიებაზე თან ახლდა ჩრდილოეთ კორეის მოქმედი ლიდერი.

„იმ პროტოკოლზე დაყრდნობით, რომელსაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, კიმ ჩენ ინი მას ღონისძიებებზე მხოლოდ იმიტომ არ დაჰყავს, რომ ის მისი ქალიშვილია. სარაკეტო გამოცდების ადგილებსა და ქარხნებში მისი ვიზიტების დროს ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნების დამოკიდებულება კიმ ჩუ ეს მიმართ იმ პროტოკოლს შეესაბამება, რომელიც მემკვიდრისთვისაა განკუთვნილი და არა უბრალოდ კიმ ჩენ ინის ქალიშვილისთვის.

ისინი იმავე პროტოკოლს იმეორებენ, რომელსაც თავად კიმ ჩენ ინთან იყენებდნენ, როდესაც ის მამას, ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს, კიმ ჩენ ირს ახლდა.

ეს არ არის ფხენიანის მაღალჩინოსნების თვითნებური ქმედება. ეს მიანიშნებს, რომ ქვეყნის შიდა პროტოკოლის წესები შეიცვალა“, - განაცხადა ტე იონხომ, ლონდონში ჩრდილოეთ კორეის საელჩოს ყოფილმა თანამშრომელმა.

ჩრდილოეთ კორეაში განსხვავებული აზრის გამოხატვა დაუშვებელია, ხოლო ქვეყნიდან გაქცევის მცდელობა მკაცრად ისჯება.

ქვეყანა 1948 წელს დაარსდა და ფორმალურად სოციალისტურ რესპუბლიკად ითვლება, თუმცა რეალურად ავტორიტარული დინასტიური სახელმწიფოა, რომელსაც კიმების ოჯახის წევრები მონაცვლეობით მართავენ.

ხელისუფლების გადაცემის წინა ორ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილი წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა - ეს კი ბოლოს 2011 წელს მოხდა.

„ჩრდილოეთი კორეა არ არის დემოკრატიული საზოგადოება, სადაც მმართველი ელიტა და ხალხი მემკვიდრეს ირჩევენ. ეს არის უზენაესი ბელადის აბსოლუტური ერთპიროვნული მმართველობის სისტემა, რომელშიც კიმ ჩენ ინი თავად ასახელებს მემკვიდრეს, ხოლო პარტია შემდგომში ამ არჩევანს ოფიციალურად ამტკიცებს და მხარს უჭერს.

აქ არ არსებობს არანაირი დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც მმართველ ელიტას ან ხალხს კიმ ჩენ ინის მიერ შერჩეული მემკვიდრის წინააღმდეგ გამოსვლის ან მისი უარყოფის შესაძლებლობას მისცემდა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეის ხალხი და მმართველი ელიტა უბრალოდ მიიღებენ იმას, ვისაც კიმ ჩენ ინი მეოთხე თაობის მემკვიდრედ შეარჩევს“, - თქვა ო კიონ-სობიმ, ანალიტიკოსმა.

ცხოვრების გაუსაძლისი პირობებისა და მკაცრი შეზღუდვების გამო, ზოგიერთი მოქალაქე პოულობს საკუთარ თავში ძალას და სიცოცხლის ფასად ტოვებს ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთით გადადის. ფხენიანიდან გამოქცეულებს სეული ყოველგვარი პრობლემის გარეშე იღებს, რადგან მათ მტრებად არ მიიჩნევს.

„მე და ჩემს მეუღლეს არ გვინდოდა, ჩვენი შვილები მეოთხე თაობის დიქტატურის პირობებში გაზრდილიყვნენ. ჩემი მეუღლე არაერთხელ მეუბნებოდა, რომ როგორც მშობლებს, შვილებისთვის ყველაზე კარგი, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, მათთვის თავისუფლების მინიჭება იყო. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვჯდომოდა, შვილებთან ერთად აქ ჩამოვსულიყავით.

ჩვეულებრივმა ადამიანებმა კიმების ოჯახის ისტორიის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იციან. ისინი არც ცდილობენ, მეტი შეიტყონ ამის შესახებ და არც ინტერესდებიან ამ საკითხით, რადგან ასეთმა მცდელობამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ“, - ამბობს კიმ იუმი, სამხრეთ კორეაში მცხოვრები ჩრდილოკორეელი დევნილი.

კიმის ქალიშვილის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის დაახლოებით 13 წლისაა და კიმ ჩუ ე ჰქვია.

2022 წლის ბოლოდან მოყოლებული, მას ათობით საჯარო ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა შეიარაღების გამოცდები და სამხედრო აღლუმები.

სახელმწიფო მედია მას კიმ ჩენ ინის „ყველაზე საყვარელ“ და „პატივსაცემ“ შვილად მოიხსენიებს.

მის განსაკუთრებულ სტატუსს ხაზს უსვამს გავრცელებული ფოტოებიც, რომლებზეც ჩანს, როგორ იჩოქებს მის წინაშე ხანდაზმული გენერალი, ან როგორ დგას გოგონა მამის წინ.

ეჭვები კიმ ჩუ ე-ს კიმ ჩენ ინის სავარაუდო მემკვიდრეობის თაობაზე აქვს სეულსაც.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩრდილოეთ კორეის მომავალ ლიდერს სერიოზული გამოწვევა ელის - მან უნდა მართოს ღარიბი, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, რომლის 26 მილიონ მოსახლესაც პოლიტიკური თავისუფლება თითქმის არ გააჩნია, ისინი მკაცრი სახელმწიფო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და გარე სამყაროსთან შეზღუდული კონტაქტი აქვთ.

ჩრდილოკორეელებს მომავალი ლიდერის არჩევაში არანაირი მონაწილეობის მიღების უფლება არ არ აქვთ, ამიტომ საზოგადოებრივი გავლენა აქ არ არსებობს და, შესაბამისად, ვერც ვერაფერს შეცვლის.

დაკავშირებული ამბები
ჩრდილოეთ კორეას შესაძლოა, პირველი ქალი ლიდერი ჰყავდეს ჩრდილოეთ კორეამ მეორე საზღვაო გამანადგურებელი გემი წარადგინა