ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის რიგით მეორე საზღვაო გამანადგურებელი წარადგინა. კიმ ჩენ ინი მას უფრო საიმედო ბირთვული შეკავების შესაძლებლობის შექმნის წინაპირობად მიიჩნევს.
გამანადგურებელი „კანგ კონი“ ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალებში კვირას აღმოსავლეთ საპორტო ქალაქ ვონსანში გამართულ ცერემონიაზე წარადგინეს. კიმ ჩენ ინი ღონისძიებას ესწრებოდა თინეიჯერ ქალიშვილთან ერთად, რომელსაც მის მემკვიდრედ მიიჩნევენ. 5 000-ტონიანი გამანადგურებელი ბირთვული ქობინის ტარების შესაძლებლობის მქონე რაკეტებითაა აღჭურვილი.
ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდები მტრებს შიშს აღუძრავს. ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალების ბირთვული შეიარაღება ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ბირთვული შეკავების მექანიზმი უფრო მრავალფეროვანი გახადოს.
ამ ნაბიჯით ჩრდილოეთი კორეა ცდილობს, გაზარდოს ზეწოლა აშშ-ზე. ჩრდილოეთ კორეამ გამანადგურებელი ხომალდი სწორედ აშშ-ის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამმხრივი სამხედრო წვრთნების ფონზე წარადგინა. ხუთდღიანი სამხედრო წვრთნები სამხრეთ კორეის კუნძულ ჩეჯუს სანაპიროსთან მდებარე წყლებში დაიწყეს. სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების განცხადებით, წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
კიმ ჩენ ინს სურს, შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფრო მეტ დათმობაზე წავიდეს და სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნები გააუქმოს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერისთვის დონალდ ტრამპის 21 აგვისტოს გადაწვეტილება, სამხრეთ კორეასთან წვრთნები ექვსი დღით შეემცირებინა, საკმარისი არ აღმოჩნდა. მაშინ დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან სამხედრო წვრთნების შემცირების გადაწყვეტილების მიზეზად კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა დაასახელა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, აშშ კვლავ უჭერს მხარს ჩრდილოეთ კორეის სრულ ბირთულ განიარაღებას.
კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 2019 წელს გაუარესდა, რადგან მხარეები ეკონომიკურ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ. გასულ წლებთან შედარებით, ბირთვული პროგრამის გაძლიერებისა და რუსეთსა და ჩინეთთან გაღრმავებული კავშირების ფონზე, კიმ ჩენ ინს აშშ-სთან მოლაპარაკებებში უფრო მეტი ბერკეტი აქვს.
