„ვარსკვლავი დაიბადა“ – თქვა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეტყობიდან ძალიან მალე. და ამ „ვარსკვლავში“ იგი, ილონ მასკს გულისხმობდა, ამერიკელ ბიზნესმენს, გამომგონებელსა და ინვესტორს, რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მართლაც რომ ვარსკვლავი იყო. ილონ მასკმა და მისმა განუზომელმა გავლენამ წინასაარჩევნოდ დიდი სამსახური გაუწია აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს. გამარჯვების შემდეგ სიტყვით პირველად რომ გამოვიდა, ტრამპმა მხარდამჭერებს უთხრა, რომ ის და ილონ მასკი მთელი ღამის განმავლობაში გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთად ელოდნენ გამარჯვებას.
როგორც ჩანს, ტრამპი კარგად აცნობიერებს ილონ მასკის როლს თავის წარმატებაში და გამარჯვებულის რანგში სიტყვით პირველად გამოსვლის დიდი ნაწილიც ალბათ სწორედ ამიტომ მიუძღვნა ილონ მასკზე საუბარს. Space X-ის, Tesla-სა და სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი მთელი კამპანიის განმავლობაში ღიად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს. კაცმა რომ თქვას, არაფერია ახალი იმაში, რომ ბიზნესმენმა სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, მაგრამ ბევრ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. რატომ? – იმიტომ, რომ თავად ილონ მასკი არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა და არც დონალდ ტრამპია ჩვეულებრივი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი…
ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სტეფანი ალისი მიიჩნევს, რომ ტრამპის მხარდაჭერის დროს მასკის მთავარი უპირატესობა მისი ტექნოლოგიის სფეროს მეწარმეობა და გავლენები იყო. ილონ მასკის გავლენები და შესაძლებლობები “პლანეტას სცდება”, მას შეუძლია კოსმოსში შექმნილი პრობლემებიც კი გადაწყვიტოს და მაგალითად, დედამიწაზე დააბრუნოს NASA-ს ეკიპაჟი, რასაც თავად სახელმწიფო ვერ ახერხებს. ხალხი მას მეოცნებე გენიოსად მიიჩნევს და სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს მის დიდ გავლენას საზოგადოებრივ აზრზე.
ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, დოქტორ სტეფანი ალისის მიაჩნია, რომ მასკის, როგორც განუზომელი გავლენის მქონე პერსონის მიზნები დიდწილად ემთხვევა ხოლმე ტრამპის კამპანიის, Make America Great Again-ის იდეებს და ამ ერთგვარ კავშირს ტრამპი წინასაარჩევნო გზავნილებში აქტიურად იყენებდა.
დოქტორ სტეფანი ალისის მაგალითად მოჰყავს ტრამპის ერთ-ერთი განცხადება, როცა მან ამომრჩეველთან შეხვედრისას ილონ მასკი მისი მორიგი კოსმოსური წარმატების გამო შეაქო და მასთან დიალოგი გაიხსენა. ტრამპის მტკიცებით, Space X-ის მფლობელმა მას უთხრა, რომ ასეთი სირთულის ოპერაციის შესრულება დედამიწაზე მხოლოდ მას შეეძლო და ამას ვერ გააკეთებდა ვერც ჩინეთი, ვერც სხვა რომელიმე ქვეყანა და ვერც შეერთებული შტატები მისი დახმარების გარეშე… ექსპერტს მიაჩნია, რომ ამგვარი საუბარი თვალსაჩინო მაგალითია მასკის იდეებისა და ტრამპის გზავნილების კავშირისა, რომელთა მიზანიც არის ამერიკა დასუსტებულ იმპერიად წარმოაჩინოს და ხალხს მისცეს იმედი მეოცნებე გენიოსის სახით, რომელსაც შეუძლია „ამერიკა კვლავ დიადი გახადოს“…
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ილონ მასკს ტრამპის მხარდამჭერები ისე ხვდებოდნენ, როგორც როკ-ვარსკვლავს. დღეს მისსა და დონალდ ტრამპის ერთობას მართლაც ამყარებს საერთო ხედვები, თუმცა ისტორიული გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, არავინ იცის რა იქნება ხვალ…
სოფო მაქაცარია