აშშ პოლონეთში დამატებით 5,000 სამხედროს გაგზავნის. პოლონეთში ამერიკელი ჯარისკაცების განთავსების შესახებ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, ერთი კვირით ადრე კი პენტაგონმა პოლონეთში 4,000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. გასული თვეების განმავლობაში აშშ-მა ევროპაში ამერიკელი სამხედროების განლაგების პოლიტიკის გადახედვის პროცესი დაიყწო. თუმცა, რამდენიმეკვირიანი სპეკულაციების მიუხედავად, აშშ პოლონეთში დამატებით სამხედროებს მაინც გაგზავნის. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება დიდწილად პოლონეთის მემარჯვენე პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის არჩევამ განაპირობა.
„პოლონეთის უკვე მოქმედი პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის არჩევნებში მიღწეული წარმატების, რომელსაც მე მხარდაჭერა ამაყად გამოვუცხადე და ჩვენი ურთიერთობის გათვალისწინებით, მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთში დამატებით 5,000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის“, - წერს დონალდ ტრამპი.
პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის ზაფხულში დაიკავა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სექტემბერში უმასპინძლა. მხარეებმა პოლონეთში ამერიკული სამხედროების განთავსების გაზრდის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. პოლონეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის „პოლონურ-ამერიკული ალიანსის დაცვას“ გააგრძელებს.
„მე ვიცავდი და გავაგრძელებ პოლონურ-ამერიკული ალიანსის დაცვას, რაც თითოეული პოლონელი ოჯახისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს. ძლიერი ალიანსები ეფუძნება თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთგულებას ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მეგობრობისა და იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომელთა პრაქტიკულ მნიშვნელობასაც დღეს ძალიან მკაფიოდ ვხედავთ. პოლონეთისა და პოლონელი ხალხის უსაფრთხოება ჩემთვის პრიორიტეტულია“, - წერს პოლონეთის პრეზიდენტი სოციალ მედიაზე.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე. მისი განცხადებით აშშ ევროპის უსაფთხოების უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ევორპა კი საკუთარ თავზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს.
„რა თქმა უნდა, ამ განცხადებას მივესალმები. ჩვენი სამხედრო მეთაურები ყველა დეტალზე მუშაობენ. გზა, რომლიც არჩეული გვაქვს უფრო ძლიერი ევროპისა და უფრო ძლიერი NATO-სკენ არის მიმართული, რათა ვუზრუნველყოთ, რომ დროთა განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ერთ მოკავშირეზე, როგორც ეს ამდენი ხნის განმავლობაში იყო აშშ-ის შემთხვევაში. ამგვარად, ამერიკელებსაც ექნებათ შესაძლებლობა მეტი ყურადღება სხვა პრიორიტეტებზე გადაიტანონ. ეს ასევე შედის ჩვენს ინტერესებშიც,” - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივანმა.
გასულ კვირებში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებმა ევროპაში ამერიკული სამხედროების შემცირების შესახებ გაურკვევლობა გამოიწვია ევროპელ მოკავშირეებში. გასულ კვირას აშშ-ის არმიის მე-2 ჯავშანსატანკო საბრძოლო ბრიგადის, 1-ელი საკავალერიო დივიზიის 4,000 სამხედრო პოლონეთში უნდა განთავსებულიყო. გადაწყვეტილება პენტაგონმა ბოლო წუთს შეაჩერა. ჯერჯერობით უცნობია, ის 5000 ჯარისკაცი, რომელთა შესახებაც დონალდ ტრამპმა ისაუბრა, ამ 4000 სამხედროს ჩაანაცვლებს თუ პოლონეთში სხვა მისიით გაემგზავრება. ამერიკელი ჯარისკაცების პოლონეთში გაგზავნის გადაწყვეტილების გაუქმება დონალდ ტრამპის იმ ფართო პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელიც ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირებას ითვალისწინებდა.
დონალდ ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს შორის ირანის ომთან დაკავშირებული უთანხმოების გამო აშშ-მა სამხედრო პერსონალის გაგზავნა გერმანიაშიც შეაჩერა და ქვეყნიდან 5000 ჯარისკაცი გამოიყვანა.
