კატეგორიები

რუბიო: კუბასთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა მაღალი არ არის

რუბიო: კუბასთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა მაღალი არ არის

„კუბა ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - ამბობს მარკო რუბიო და განმარტავს, რომ კუნძული საკუთარ ტერიტორიაზე რუსულ და ჩინურ სადაზვერვო ქსელებს მასპინძლობს.

ერთ დღეში მას შემდეგ, რაც კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრალი წაუყენეს, შტატების სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ვაშინგტონსა და ჰავანას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა ამ ეტაპზე მაღალი არ არის.

წარმოშობით კუბელი მარკო რუბიო, რომელიც ჰავანას ხელისუფლების ხმამაღალი მოწინააღმდეგეა, შტატების სანაპიროდან 145 კილომეტრით დაშორებული კუნძულს არშემდგარ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. „მათი ეკონომიკური სისტემა არ მუშაობს, იგი დანგრეულია და არსებული პოლიტიკური სისტემის პირობებში ამის გამოსწორება შეუძლებელია“, - გამოუცხადა მან ჟურნალისტებს.

მანვე თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უპირატესობას ყოველთვის დიპლომატიურ გზებს ანიჭებს, თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საფრთხეებზე რეაგირების სხვა გზებიც აქვს.

„კუბას არა მხოლოდ აქვს იარაღი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთიდან და ჩინეთიდან მიიღო, არამედ მათ თავიანთ ქვეყანაში რუსული და ჩინური დაზვერვის წარმომადგენლობებიც ჰყავთ - არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვდგავართ. ასე რომ, კუბა ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სხვათა შორის, ისინი რეგიონში ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორებიც იყვნენ.

ჩვენ უპირატესობას კუბასა და საერთოდ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ დიპლომატიურ გადაწყვეტას ვანიჭებთ. სწორედ ამას გეტყვით. პრეზიდენტს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. მას ამის გაკეთების გზა აქვს, თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე არსებობს. და მან უკვე არაერთხელ აჩვენა, რომ მზადაა იმოქმედოს, როცა ასეთ საფრთხეს ხედავს“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ უარი თქვა, ესაუბრა იმაზე, თუ როგორ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატები რაულ კასტროს წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის სისრულეში მოყვანას. მისთვის ბარლის წაყენებამ ბევრს გაუჩინა ვარაუდი, რომ კუნძულის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება შესაძლოა ახლოვდებოდეს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსგავსი ბრალდებები ვენესუელის ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ იანვარში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გასამართლებლად იქნა გამოყენებული.

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თანახმად, სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი, რომელშიც ატომური ავიამზიდი USS Nimitz შედის, კარიბის ზღვაში შევიდა. პრეზიდენტი ტრამპი კითხვას, იყო თუ არა ეს გადაადგილება კუბის დაშინების მცდელობა, ასე პასუხობს.

„არა, სულაც არა. ნახეთ, კუბა არშემდგარი სახელმწიფოა. ეს ყველამ იცის. მათ არ აქვთ ელექტროენერგია. არ აქვთ ფული. პრაქტიკულად არაფერი აქვთ. არ აქვთ საკვები. ჩვენ მათ დავეხმარებით. რადგან ხალხს, პირველ რიგში, ჰუმანიტარული თვალსაზრისით მინდა დავეხმარო. ჩვენ გვყავს კუბურ-ამერიკული მოსახლეობა, რომლის დიდი ნაწილიც მაიამისა და ფლორიდაში ცხოვრობს. ეს შესანიშნავი ხალხია, საოცარი ადამიანები, შრომისმოყვარეები -უბრალოდ დიდებული ამერიკელები არიან. მათ სურდათ, რომ ეს მომხდარიყო. მათ  თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება უნდათ. სურთ, თავიანთ ქვეყანას დაეხმარონ. იმედი მაქვს, აქ დარჩებიან, მაგრამ მათ დაბრუნება უნდათ. უნდათ ინვესტიციები ჩადონ საკუთარ ქვეყანაში და ნახონ, შეძლებენ თუ არა მის აღორძინებას. სხვა პრეზიდენტები 50-60 წლის განმავლობაში ფიქრობდნენ ამ საკითხზე და როგორც ჩანს, მე ვიქნები ის, ვინც ამას გააკეთებს. ამიტომ, სიამოვნებით გავაკეთებდი ამას. ჩვენ გვინდა, კუბელ ამერიკელებს შესაძლებლობა მივცეთ, რომ დაბრუნდნენ და თავიანთ ქვეყანას დაეხმარონ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამერიკის შეერტებული შტატების სახელმწიფო მდივანის თანახმად, კუბა დათანხმდა ვაშინგტონის შეთავაზებას, რეფორმების სანაცვლოდ 100 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების მიღების შესახებ. თუმცა, როგორც მარკო რუბიო განმარტავს, ჯერ გაურკვეველია, მიიღებს თუ არა ვაშინგტონის ჰავანას პირობებს.

დაკავშირებული ამბები
რუბიო: კუბასთან მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა მაღალი არ არის აშშ-მა ბრალი წარუდგინა კუბის ექსპრეზიდენტს, რაულ კასტროს