შვედეთი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მასპინძლობს. ჰელსინგბორგში ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მათ შორისაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომლის გზავნილებიც მოკავშირეების მიმართ ამჯერად ნაკლებად ხისტი იყო,თუმცა ტრიბუნა ამერიკელმა დიპლომატმა კვლავაც გამოიყენა იმის სათქმელად, თუ როგორ ხედავს და რა მოლოდინი აქვს ვაშინგტონს ნატოსგან. ამაზე აქცენტის გაკეთება ამერიკელებს მას შემდეგ უხდებათ, რაც თეირანის წინააღმდეგ წამოწყებული სამხედრო კამპანიისა და მოგვიანებით ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ მოკავშირეებმა პროცესებში ჩართულობაზე მას უარი უთხრეს. ომის დაწყებიდან 3 თვის თავზე საკითხი კვლავაც აქტუალურია.
„ალიანსი უნდა იყოსკარგი ყველასათვის,ვინც მასშია ჩართული. აუცილებელია არსებობდეს მკაფიო გაგება იმისა, თუ რა მოლოდინები არსებობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეცდებით ამისთვის საფუძვლის შექმნას. ერთ-ერთი სფერო, სადაც ვფიქრობ, ნამდვილად შეგვიძლია თანამშრომლობა, არის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა. მსოფლიოსთვის, ალიანსის ყველა წევრისთვის და მის ფარგლებს გარეთაც, აშკარაა, რომ დღეს ჩვენ უბრალოდ ვერ ვაწარმოებთ საბრძოლო მასალებს იმ ტემპით, რაც მომავალი საჭიროებებისთვისაა აუცილებელი. ეს საკითხი მოსაგვარებელია. ეს არის ის, რაზეც ერთად შეგვიძლია მუშაობა. ეს არის ის, რაზეც თანამშრომლობა გვინდა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარმოებისთვის, არამედ ურთიერთთავსებადობისთვისაც. რაც შეეხება ირანს, ჩვენ ველოდებით ინფორმაციას მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. მცირე თუმცა გარკვეული პროგრესი არსებობს. არ მსურს გადაჭარბება, მაგრამ გარკვეული წინსვლა ნამდვილად შეინიშნება,რაც კარგია. ფუნდამენტური საკითხები უცვლელი რჩება: ირანს არასოდეს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი,ეს დაუშვებელია”- აღნიშნა აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც ნატოს წევრიო ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ტერიტორიას აქტიურად კვეთენ უპილოტო საფრენი აპარატები. ამ საკითხზე ყურადღება სწორედ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას პირველმა დიპლომატებმა გაამახვილეს, რომლებმაც მოსკოვის ბრალდებებსაც უპასუხეს.
**„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა მოკავშირის, რომლებმაც ღიად უარყვეს რუსეთის ბრალდებები ბალტიის სახელმწიფოების, ფინეთისა და პოლონეთის მიმართ. არა, ჩვენ არ ვაძლევთ უკრაინას უფლებას გამოიყენოს ჩვენი საჰაერო სივრცე, სახმელეთო ტერიტორია ან საზღვაო სივრცე. ეს ფაქტია“-**თქვა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ.
**„მხოლოდ ამ კვირაში, ლიეტუვაში ორჯერ გვქონდა საჰაერო განგაში, რადგან დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. ეს აჩვენებს, რომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები ფრონტის ხაზზე, უნდა გავამყაროთ საჰაერო თავდაცვა და ასევე უნდა დავამატოთ დრონსაწინააღმდეგო შესაძლებლობები ყველაფერში, რაც ფრონტის ხაზზე გვაქვს“ -**თქვა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, კეიტუტის ბუდრისმა.
ნატოში აქტუალობას არ კარგავს თავდაცვის ხარჯების ზრდის აუცილებლობაც. ამ მხრივ ცნობილია,რომ უკვე 2026 წლისთვის მაგალიუთად გერმანია მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ზე მეტს დახარჯავს თავდაცვაზე.ამ საკითხს ქვეყნები უკვე ლიდერების დონეზე მიუბრუნდებიან.
ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ანკარაში დაგეგმილი ლიდერების სამიტის მოსამზადებელ სამუშაოსაც შეეხნენ, რომელიც თურქეთის დედაქალაქში 7-8 ივლისაა დაგეგმილი.
