კატეგორიები

მინსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ ბელარუსს თავს დაესხმებიან

მინსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ ბელარუსს თავს დაესხმებიან
Copyright Reuters

უკრაინის წინააღმდეგ ომში მინსკი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ბელარუსის ტერიტორიაზე განხორციელდება აგრესია ან შეილახება ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ასეთია ალექსანდრ ლუკაშენკას პოზიცია მას შემდეგ, რაც მან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან.

„მანამდეც ვთქვი - ჩვენ ვემზადებით ომისთვის. თუ არ იქნება ომი - ღმერთს მადლობა, რადგან არ გვინდა, თუმცა გვახსოვს 1939-1941 წლების გაკვეთილები. გვახსოვს, რომ მოსკოვამდეც ჩააღწიეს ფაშისტებმა, რადგან ერთ მხარეს სჯეროდა ომის დაწყების, მეორე მხარე კი ეჭვობდა - ფიქრობდნენ, რომ ეს დეზინფორმაცია იყო.

ამიტომ, არსებული გეგმის მიხედვით, სრულად ვემზადებით, თუმცა იქნება თუ არა ომი, ეს უკვე აღარ არის ჩვენზე დამოკიდებული. არავისთან არ ვაპირებთ ომს, თუკი ჩვენ არ შეგვეხებიან, მაგრამ, აგრესიის შემთხვევაში, მოწყალენი არ ვიქნებით.

როგორც იცით, არანაირი რეაქცია არ მაქვს კიევიდან წამოსულ ბოდვაზე, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგანაც. ამ შემთხვევაში, ვუსამძიმრებ მას. ომია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ადამიანი წნეხის ქვეშაა, არ უნდა დასკვნების გამოტანა და რაღაცების გაანალიზება, მაგრამ ეს მისი საქმეა.

რაც შეეხება მის განცხადებებს ბელარუსის ომში ჩართვაზე, ახლაც ვთქვი, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ტერიტორიაზე აგრესიას ექნება ადგილი. მაშინ ჩვენ უკვე რუსეთთან ერთად დავიცავთ ჩვენს მამულს, სადაც ორი ქვეყანაა განლაგებული.

ამ სცენარის გარდა, სხვანაირად არ ვაპირებთ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას. ის, რომ ზელენსკი ჩვენ დაშინებას ცდილობს, ჩემთვის არასერიოზულია, რადგან არ მინდა ის გოგო-ბიჭები დაიხოცონ, ვისაც უკრაინული მხარე, ფაქტობრივად, ხვეტს მათ შორის ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არსებული ზონის დასაცავად“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ასეთი სცენარი გულისხმობს ბრძოლას რუსეთის მხარეს, ორმხრივი მოკავშირეობრივი შეთანხმების ფარგლებში. ლუკაშენკასვე მტკიცებით, მინსკი ახლაც ემზადება ომისთვის და რუს სამხედროებთან ერთად მიმდინარე ბირთვული სწავლებები არის გარკვეული სიგნალი.

„ჩვენ არავის არ ვემუქრებით, თუმცა გვაქვს შესაბამისი შეიარაღება და მზად ვართ, ერთად ყველანაირად დავიცვათ ჩვენი სამშობლო ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე და ამას ნებისმიერი ფორმით გავაკეთებთ.

ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ეს წვრთნებიც ერთ-ერთი დემონსტრირებაა ჩვენი მხრიდან და თუკი რამე გვაქვს ხელში, უნდა ვიცოდეთ ამის გამოყენება. ეს ჩვენი საქმეა, რასაც ვაკეთებთ არის სრულიად კანონიერი და განვაგრძობთ ამის კეთებასა და ჩვენი მოქალაქეების დაცვას. ისტერიკა საჭირო არ არის.

დანარჩენები ალბათ იმის გამო წუხან, რომ ამ სწავლებებში ორივე ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობენ. ჩათვალეთ, ეს ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას და ვიცით მისი გამოყენება, მაგრამ მის სრულყოფილად გამოსაყენებლად ვატარებთ ამ სწავლებებს.

ის ზესახელმწიფოებიც ატარებენ ასეთ ღონისძიებებს, რომლებიც ბირთვულ შეიარაღებას ფლობენ, სხვა შემთხვევაში, რა საჭიროა ეს შეიარაღება თუკი არ იცი მისი გამოყენება. ამის ცოდნისთვის კი აუცილებელია წვრთნები“, - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ.

ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, იცის უკრაინელი სამხედროების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათ არანაირად არ აწყობთ დამატებითი ფრონტი და ისეთ ძალასთან გამკლავება, როგორსაც მინსკი და მოსკოვი წარმოადგენენ, რადგან, როგორც ამბობს, ორივე მხარეს თანამედროვე შეიარაღება გააჩნია.

ალექსანდრ ლუკაშენკას სიტყვებით, თუკი კიევს რაიმე პრეტენზია გააჩნია, ის ღიაა მოლაპარაკებებისთვის და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლია, თუნდაც მინსკში ჩამოვიდეს.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა თავის ბელარუს კოლეგას მადლობა გადაუხადა ერთობლივ ბირთვულ წვრთნებში მინსკის სამხედროების მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ რუსული მხარე აქტიურად განაგრძობს მუშაობას შეიარაღების მოდერნიზებაზე.

„ასეთი ტიპის, კერძოდ, ბირთვული შეიარაღების გამოყენება წარმოადგენს უკიდურეს ზომას ჩვენი სახელმწიფოების ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად.

ამავდროულად, მზარდი გლობალური დაძაბულობისა და ახალი რისკების გაჩენის გათვალისწინებით, ჩვენი ბირთვული ტრიადა, როგორც ყოველთვის, ერთგულებით უნდა ემსახურებოდეს რუსეთ-ბელარუსის მოკავშირეობრივ გაერთიანებას და უზრუნველყოს სტრატეგიული შეკავების მიზნები, ასევე გლობალურ დონეზე მხარი დაუჭიროს ბირთვულ პარიტეტსა და ბალანსს.

ჩვენი შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვგეგმამთ, აღვიჭურვოთ ახალი სარაკეტო სისტემებით, რომლებიც მოიცავენ როგორც სტაციონარულ, ისე მობილურ პლატფორმებს.

ახლახან წარმატებით შედგა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის, „სარმატის“ გამოცდა, რომელიც ბრწყინვალე ტაქტიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლებით გამოირჩევა და შეუძლია, გადალახოს ყველა თანამედროვე და პერსპექტივაში მოსაწყობი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.

ადრეც მითქვამს, რომ არ ვაპირებთ შეიარაღების რბოლაში ჩაბმას. ჩვენი ბირთვული ტრიადა შესაბამის დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ უბრალოდ ვასრულებთ ათწლეულების წინ შემუშავებულ გეგმებს, სისტემატური გრაფიკით, ზუსტად და შეთანხმებულად. ღმერთს მადლობა, ყველაფერი გამოგვდის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

კრემლის ცნობით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობა მიიღო 64 000-მა სამხედრომ, 7 800 ერთეულმა ტექნიკამ, მათ შორის უპილოტო საფრენმა აპარატებმა და წყალქვეშა ხომალდებმა.

მსგავს მანევრებს კიევი ყურადღებით აკვირდება, რადგან მიიჩნევს, რომ არსებობს ომის მეტად ესკალაციისა და გაფართოების საფრთხე, არამხოლოდ უკრაინის, არამედ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგაც.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ახსოვს 2022 წლის თებერვალი, როდესაც ქვეყნის წინააღმდეგ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან გაუშვეს, ამიტომ კიევის პოზიციაა, რომ ნებისმიერ აგრესიულ ნაბიჯს მოჰყვება სარკისებრი პასუხი.

დაკავშირებული ამბები
მინსკი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას მხოლოდ მაშინ აპირებს, თუ ბელარუსს თავს დაესხმებიან მოსკოვმა და მინსკმა ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის ერთობლივი წვრთნები დაიწყეს