კატეგორიები

„მათ მოიპარეს არჩევნები“ – ოპოზიციის ნაწილი ცესკოს მონაცემებს არ აღიარებს

„მათ მოიპარეს არჩევნები“ – ოპოზიციის ნაწილი ცესკოს მონაცემებს არ აღიარებს

ოპოზიციის ნაწილი არ აღიარებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ასახულ არჩევნების პირველად წინასწარ შედეგებს.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, ოპოზიცია მზად არის, დაიცვას ამომრჩეველთა ხმები. მისივე განმარტებით, ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება.

„„ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც, მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ აღიარებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“. როგორც კოალიციის ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ცესკოს მიერ არჩევნების პირველადი, წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მედიასთან თქვა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვება არა ხელისუფლებამ, არამედ მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა.

„ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ. ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანასა და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც არასდროს, ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ მედიასთან.

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს უნდობლობას უცხადებს კოალიცია „ძლიერი საქართველოც“. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ისინი მოქალაქეთა ხმების დასაცავად ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი წარმოდგენა და დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები, რომლებიც გამოგვიცხადეს ცოტა ხნის წინ, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საყოველთაო დაშინების, გაყალბების, მოსყიდვის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგად მიღებული ეს ციფრები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ და დღევანდელ არჩევანს“, – განაცხადა ანა დოლიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები