მთავარიამერიკაკუბამეოთხე დღეა, კუბის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

მეოთხე დღეა, კუბის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

კუბის მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. უკვე მეოთხე დღეა, რაც ქვეყნის მთავარი თერმოელექტროსადგური დაზიანდა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

21 ოქტომბერს კუბის ენერგეტიკის მინისტრმა, ვინცენტ ო ლევიმ იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის მოგვარება ორშაბათ საღამოს დაიწყებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ვითარება უცვლელია.

„ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა შესაძლოა სამშაბათს დასრულდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულად მოვახერხებთ ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას. მიწოდების დონე იქნება იმდენივე, რამდენიც იყო თერმოელექტროსადგურის დაზიანებამდე. სავარაუდოდ, საწვავის ნაკლებობის გამო ენერგეტიკული პრობლემები გაგრძელდება“, – აცხადებს ვინცენტ ო ლევი.

საპროტესტო აქცია გაიმართა დედაქალაქ ჰავანაში, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მძიმე სოციალური პირობები გააპროტესტა. კუბელების ამბობენ, რომ აუტანელი სიცხე ღამე არ აძინებთ, ხოლო მაცივრის გარეშე საჭმელი რამდენიმე საათში უფუჭდებათ.

კუნძულის მთავარი ელექტროსადგურის გაუმართაობა ორი მიზეზით არის განპირობებული. ის ძალიან ძველია, ვერ უძლებს თანამედროვე მოთხოვნებს და შეკეთებას საჭიროებს.

აგრეთვე, საწვავის ნაკლებობა მისი სრული დატვირთვით ამუშავების შესაძლებლობას არ იძლევა. კუბის ენერგეტიკის მინისტრის, ვინცენტ ო ლევის თქმით, რამდენიმე ქვეყანამ, მექსიკამ, რუსეთმა, კოლუმბიამ, ვენესუელამ და ბარბადოსმა უკვე გამოთქვა საწვავით დახმარების სურვილი.

მორიგი პრობლემაა ქარიშხალი „ოსკარი“, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს და ახლა კუბას უახლოვდება.

„ასეთი ბუნებრივი მოვლენები უპირველესად ელექტროგადამცემ ხაზებს აზიანებს. ჩამოშლილი ბოძები კიდევ უფრო ართულებს ელექტროენერგიის მიწოდებას და გვაიძულებს ქარიშხლის დროს გენერატორების გათიშვას“, – ამბობს ვინცენტ ო ლევი.

ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით პარასკევს, 18 ოქტომბერს შეწყდა და ამ დრომდე არ აღდგენილა. მოთხოვნის შესამცირებლად, მთავრობას სასწავლო პროცესისა და საჯარო სამსახურების მუშაობის შეჩერება მოუწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend