კუბაში პოლიტიკური და ენერგოკრიზისის გამწვავების ფონზე, ჰავანამ ევროპული სოლიდარობის ჯგუფისგან შვიდი ტონა ჰუმანიტარული ტვირთი მიიღო.
მცირე საზღვაო ტრანსპორტის ბორტზე ორგანიზაცია Open Arms-მა განალაგა სამოქალაქო საზოგადოების 150 წარმომადგენლობასთან ერთობლივად შეგროვებული, მოსახლეობისთვის საჭირო მედიკამენტები, სასურსათო პროდუქცია, მზის პანელები და ფოტოელექტრული აღჭურვილობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკონომიკურ იზოლაციაში მოქცეული კუნძულოვანი ქვეყნისთვის.
„რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს? მე მჯერა, რომ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჩვენი ყოფნა. ამჟამად კუბა საზოგადოების ყურადღების მიღმაა დარჩენილი - იქ ჩუმი ჰუმანიტარული კრიზისი მიმდინარეობს. მათ სურთ, რომ ეს კრიზისი შეუმჩნეველი და გაუგონარი დარჩეს, მაგრამ თუ შეგვიძლია მასზე საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ, ახლა სწორედ ამის დროა“, - თქვა ოსკარ კამპსმა, Open Arms-ის დამფუძნებელმა.
„ჩვენ აქ ვართ, რათა დავგმოთ ეს სასტიკი და არაადამიანური ბლოკადა. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში ჩამოვედით სიმბოლური გემით, რომელმაც ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა, ახლა კი ატლანტის ოკეანე გადმოკვეთა და აქ ჩამოვიდა. მე აქ ვარ, რათა კუბის ხალხისადმი ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო“, - თქვა ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ანა მირანდამ.
2026 წლის პირველი კვარტლიდან გაძლიერებული ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, კუბაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტად რთულდება მოსახლეობის ყოფა.
გარდა იმისა, რომ ქვეყანას, ფაქტობრივად, აღარ დარჩა საავიაციო საწვავი და შეზღუდულია ავიამიმოსვლა, თითქმის ყოველდღიურობად იქცა ხანგრძლივი დროით ელექტროენერგიის გათიშვა, რადგან ნავთობის მარაგები არ არის საკმარისი სადგურების სამუშაოდ. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გამოვიდა წყობიდან დენის გამანაწილებელი ობიექტები, რამაც მთელი ქვეყანა ჩააბნელა.
ამ ვითარებამ გამოიწვია სადისტრიბუციო პროცესების შეფერხება, რის გამოც მაღაზიების დახლებიდან პირველადი საჭიროების პროდუქტები თითქმის სრულად გაქრა.
შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს გაერო და მიუთითებს, რომ კრიზისის შესამსუბუქებლად, ცდილობს ყველა საკომუნიკაციო არხი გამოიყენოს კუბის ხელისუფლებასთან.
„ჩვენ და ჩვენი ჰუმანიტარული პარტნიორები დახმარების გაწევას ვაგრძელებთ. ივნისის ბოლოს მდგომარეობით, კუბაში თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო სუფთა წყალი, ხოლო 900 000-ზე მეტმა - სასურსათო დახმარება ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით.
ქვეყნის მასშტაბით განმეორებითმა ელექტროენერგიის გათიშვებმა კვლავაც შეაფერხა ელექტროენერგიაზე, სუფთა წყალზე, სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე, ჯანდაცვის სერვისებსა და ეკონომიკურ საქმიანობაზე ხელმისაწვდომობა, რის შედეგადაც კუბის მასშტაბით ჰუმანიტარული საჭიროებები კიდევ უფრო გაღრმავდა.
ჰავანას საავადმყოფოებმა მომსახურება შეზღუდეს, ხოლო ქალაქის წყლის სატუმბი სადგურები მთლიანად გაჩერდა. ჰავანა და სანტიაგო-დე-კუბა წყლის მიწოდების სერიოზულ შეფერხებებს აწყდებიან, რაც ძირითადად სატუმბი სადგურებისთვის საწვავის დეფიციტით არის გამოწვეული. ეს, ბუნებრივია, წყლით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს ზრდის.
ამჟამად გაეროს სამოქმედო გეგმა კუბისთვის 2 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენი დახმარებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რისთვისაც 94 მილიონი აშშ დოლარია საჭირო, თუმცა გეგმა ამ დროისთვის მხოლოდ 40%-ით არის დაფინანსებული“, - აცხადებს სტეფან დუჟირაკი, გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერი.
თვეების განმავლობაში ვაშინგტონში კუბასთან დაკავშირებით არაერთ ხისტ განცხადებას აკეთებდნენ და ამბობდნენ, რომ კუნძულოვან სახელმწიფოში არსებულ მდგომარეობაში დამნაშავე მხოლოდ მისი კომუნისტური ხელისუფლება იყო.
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არაერთხელ თქვეს, რომ მზად არიან დიპლომატიისთვის, თუმცა თუკი კუბის ხელმძღვანელობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, მზად არიან, ვენესუელის მსგავსი სცენარის გამეორებისთვისაც.
ბოლო პერიოდში დონალდ ტრამპის კაბინეტის ყურადღება კვლავ ირანისკენ მიეპყრო, ამიტომ, სავარაუდოა, რომ კუბაში კომუნისტური მთავრობის დამხობის გეგმა გადავადდა.
