ისრაელის არმია ადასტურებს, „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის, იაჰია სინვარის, მეტსახელად „ხან იუნისის ჯალათის“ ლიკვიდაციას. ისრაელის სამხედრო რადიოს ცნობით, ოპერაცია ღაზის სექტორში ქალაქ რაფაში ჩატარდა. 62 წლის სინვარი 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევა. ის „ჰამასის” ლიდერი მას შემდეგ გახდა, რაც 31 ივლისს, თეირანში ისმაილ ჰანიე მოკლეს.
Eliminated: Yahya Sinwar.
— Israel Defense Forces (@IDF) October 17, 2024
„ისრაელის სახელმწიფომ „ჰამასის“ ლიდერის, იაჰია სინვარის, მკვლელობით სამართალი აღასრულა. იაჰია სინვარი ტერორისტია. მისი განადგურება არის გაგრძელება ლიკვიდაციის სერიისა დაწყებული ჰასან ნასრალადან, მუჰამად დეიფამდისა და სხვა ტერორისტების ჩათვლით. ჩვენ მივწვდებით თითოეულ ტერორისტს. იაჰია სინვარის მკვლელობა მკაფიო გზავნილია ჩვენი თითოეული დაღუპული თანამოქალაქისა და დატყვევებულთა ოჯახებისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ გასანადგურებლად, ვინც ზიანი მიაყენა თქვენს საყვარელ ადამიანებსა და ხელი შეუშალა დატყვევებულთა ოჯახებში დაბრუნებას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
Another mission accomplished. ✅ pic.twitter.com/4QxO52fiAB
— יואב גלנט – Yoav Gallant (@yoavgallant) October 17, 2024
ტერორისტული დაჯგუფების პოლიტბიუროს თავმჯდომარის ლიკვიდაციას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც. მისი თქმით, „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის მიმდინარეობაში“. მან ღაზის სექტორის მოსახლეობასაც მიმართა.
„სინვარიმ თქვენი ცხოვრება გაანადგურა. ის გეუბნებოდათ, რომ ლომია და მებრძოლია, თუმცა სინამდვილეში ბნელ ოთახში იმალებოდა და ის მოკლეს მაშინ, როცა ჩვენს ჯარისკაცებს პანიკაში მყოფი გაურბოდა. მისი ლიკვიდაცია მნიშვნელოვანია ღაზაში ზიანის მომტანი მმართველობის დასასრულებლად“, – განაცხადა ბენიამ ნეთანიაჰუმ.
„ჰამასის“ ლიდერის მკვლელობას გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის 47-ე პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისიც. მისი თქმით, „იაჰია სინვარის ლიკვიდაცია იძლევა საშუალებას, საბოლოოდ დასრულდეს ომი ღაზის სექტორში, რომელსაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება“.
ისრაელის ძალებმა 17 ოქტომბერს ღაზაში ჩატარებული სახმელეთო ოპერაციების დროს „ჰამასის“ კიდევ სამი მებრძოლი მოკლეს.