მთავარისაქართველო„„ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ ქმედებებს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს” - ჯოზეფ ბორელი

„„ქართული ოცნების” ბოლოდროინდელ ქმედებებს ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრას, სადაც მათ შორის საქართველოს საკითხიც განიხილეს, წინ უსწრებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადება. ევროსტრუქტურის ერთ-ერთი უმაღლესი პირის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საქართველო ევროპული გზიდან გადაჰყავს და ავტორიტარიზმის დამყარებას აპირებს.

„საქართველო უფრო დამთრგუნველ სურათს წარმოადგენს. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე-ფაქტო შეჩერებულია. თქვენ იცით, რომ ევროპულ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გადაწყვეტილებას კომისია იღებს. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც გადამწყვეტი გამოცდა იქნება საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლები ჯოზეფ ბორელის განცხადების მიღმა, მათივე თქმით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ გავლენას ხედავენ და ამბობენ, რომ ევროსტრუქტურის უმაღლესი პირის ასეთი პოზიცია უსამართლო და დაუსაბუთებელია. მათივე განცხადებით, პარტნიორებთან ურთიერთობა მაშინ მოგვარდება, როდესაც საქართველოს მიმართ ომისა და არეულობის სურვილები აღარ იქნება.

„ბორელის განცხადებას ყველაზე რბილადაც არ ვიცი, რა უნდა ვუწოდო – ეს განცხადებები ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი სტანდარტისაც აღარ არის. სამწუხაროდ, მიზანი ისევ ერთია. იმ ლობისტების ჯგუფს ემატება კიდევ ახალი სახელი და გვარები, რომლებიც ღიად არიან ჩართულები დესტრუქციული ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლობიზმში. ეს იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან თუ აშშ-დან. ამ ვიწრო ჯგუფებსა და მათ მიერ ლობირებულ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, განსაკუთრებით ასეთი სამმაგი, ოთხმაგი და შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ღირსეულ პასუხს გასცემს. წინასაარჩევნოდ კეთდება განცხადება, რომელიც არის ყოვლად არაადეკვატური, რეალობასთან ყოვლად შეუსაბამო, ქვეყანასთან მიმართებით ყოვლად დესტრუქციული, სიცრუეზე დაფუძნებული, რასაც ხაზს უსვამს ყველა ის კვლევა და ანგარიში, რომელიც უსერიოზულესი და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის მომზადებული. როდესაც გამოდიხარ და მოლდოვას დემოკრატიასა და ნებისმიერ მიმართულებაში ადარებ საქართველოს და ამბობ, რომ საქართველოში ბნელა და მოლდოვაში სინათლეა და დემოკრატიის შუქურაა, უბრალოდ, როგორ შევაფასოთ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება. ამის შემდეგ, როდესაც მიჩნდება ობიექტური ეჭვი, რომ ბატონი ბორელი ამ განცხადებით იმ ლობისტების ჯგუფს შეუერთდა, რომელიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ლობირებს, ამაში გასაკვირი არაფერია, რასაც საზოგადოება ნათლად შეაფასებს.

იქნებ აგვიხსნას, რომელი კრიტერიუმებითა და რა ფაქტებზე დაყრდნობით გვესაუბრება. ამას ახსნა არ აქვს, ეს არის წინასაარჩევნო მშრალი განცხადება, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. ამის შემდეგ რატომ არ უნდა გამიჩნდეს ეჭვი, რომ ეს რაღაც დონით ლობიზმსა და წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ ჩარევას ემსახურება”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კირცხალია.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი და საერთოდ ყველა პარტნიორი საქართველოში არსებულ ვითარებას შესაბამისად აღიქვამს. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებისკენ „ქართული ოცნება“ ნიადაგს ამზადებს და ამას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

„უკვე დიდი ხანია, მოცემულობა ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია. პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან. ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოჰპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში – ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის რაღაც პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის პერსპექტივას შეინარჩუნებს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისევ მოიპარავენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს, გააყალბებენ არჩევნებს და ამით კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება, რა თქმა უნდა, მათ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ამას საქართველოს მოქალაქეები ყველას დახმარების გარეშეც მოახერხებენ. ამას ხედავენ და აღნიშნავენ ჩვენი პარტნიორებიც. მათ შორის ბატონი ბორელი”, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

ჯოზეფ ბორელის შეფასებებს ეხმიანებიან სამოქალაქო სექტორშიც. გაერთიანება „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველო ავტორიტარიზმის წინაშეა.

„ავტორიტარი სახელმწიფოები ბუნებრივია, ვერ ხდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის შესაძლებლობა გამოირიცხოს ახლაც და სამომავლოდაც; [გატარდეს] რეფორმები სასამართლოში, ამასთან, დეოლიგარქიზაციისა და სხვადასხვა მიმართულებით. ანტიკორუფციული [ბიურო] სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გამოირიცხოს. ბორელის ეს განცხადება ასახავს იმას, რაც დღეს საქართველოშია – ძალაუფლება კონსოლიდირებული, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირება შეჩერებული და უფუნქციო. სწორედ ეს არის დამახასიათებელი ნიშნები“,- განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები ნათლად აცხადებენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს არჩევნების შემდეგ მიიღებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend