ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან შემოსავლების სამსახურში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც საერთაშორისო სანქციების აღსრულების კონტროლს უზრუნველყოფს.
აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით მკაცრად კონტროლდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი.
საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2088 შემთხვევა, ხოლო ამ წლის 1-ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლინდა საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347, ხოლო წინა წელს 852 შემთხვევა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყველა ამ მცდელობის შემთხვევაში საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას, გარდა იმ ფაქტებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმის მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცა.