მთავარისაქართველოსაფრანგეთის რესპუბლიკა მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს

საფრანგეთის რესპუბლიკა მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ორი ქვეყნის პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება აღნიშნავს, რომ საფრანგეთის რესპუბლიკა მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს, რის გამოც ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროგაერთიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სინანულს გამოთქვამს იმ კანონების გამო, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან აშორებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აყოვნებს. საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციაში ხაზგასმულია საქართველოსთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაც.

პარიზი იმედოვნებს, რომ კენჭისყრის დღე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება და საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინფორმაციისთვის, საქართველოსა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა ელისეის სასახლეში 3 ოქტომბერს გაიმართა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სხვა ევროპელ ლიდერებს შეხვდა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერსა და პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend