ჩეხეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ პარასკევსა და შაბათს ჩეხეთის რესპუბლიკაში გამართულ რეგიონულ არჩევნებში 13 რეგიონიდან 10-ში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.
მოძრაობა „ანომ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო ვისოჩინაში, პლზენში, ცენტრალურ ბოჰემიაში, უსტი-ნად-ლაბემში, კარლოვი-ვარიში, ჰრადეც-კრალოვეში, პარდუბიცეში, ზლინში, ოლომოუცსა და მორავია-სილეზიის რეგიონებში. სამხრეთ მორავიის რეგიონში გაიმარჯვა კოალიცია SPOLU-მ, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში – სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტია ODS-მა, ლიბერეცის რეგიონში კი ყველაზე მეტი ხმა ადგილობრივმა მერებმა მიიღეს.
ამომრჩეველთა აქტივობამ 33 პროცენტი შეადგინა, რაც ნაკლებია წინა არჩევნების 38-პროცენტიან მაჩვენებელზე.
„ანომ“ ჯამში 292 მანდატი მოიპოვა, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა წინა არჩევნებთან შედარებით. პარტიას ასევე ჰყავს 114 სამხარეო მრჩეველი.
როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და, ამავე დროს, ODS-ის (სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის) თავმჯდომარემ პეტრ ფიალამ თავის საარჩევნო შტაბში განაცხადა, არჩევნების შედეგი რეალობას ასახავს და ეს ODS-ისთვის არც წარმატებაა და არც საბედისწერო მარცხი.
მისი თქმით, ოპოზიციური მოძრაობა ANO გაძლიერდა და მას აქვს უფრო დიდი კოალიციური პოტენციალი. თუმცა დასძენს, რომ შემდგომ მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა ექნება.
ANO-ს ასევე ჰყავს ყველაზე მეტი კანდიდატი, რომლებიც მეორე ტურში 81-ადგილიან სენატში 27 ადგილისთვის იბრძოლებენ. ყოველი ოლქის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი ერთმანეთს მომავალ შაბათ-კვირას დაუპირისპირდება.
უბნების 99%-ის დათვლის შედეგად, მეორე ტურში ANO-ს 19 კანდიდატი გადავიდა.
ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურმა განაცხადა, რომ ხუთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს გადასცდა. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი კანდიდატის 22 ადგილისთვის ბრძოლა კი მომდევნო კვირას მეორე ტურში გაგრძელდება.