რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ილარიონი ნარკოტიკული საშუალებების შენახვასთან დაკავშირებული სავარაუდო ეჭვების გამო, ჩეხეთის პოლიციამ კარლოვი-ვარში დააკავა.
სასულიერო პირი, რომელიც წარსულში ბუდაპეშტში მოსკოვის ეპარქიას მეთაურობდა, მოგვიანებით კი უნგრეთის მოქალაქეობაც მიიღო, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა წმინდა პეტრე-პავლეს ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მათ გადაწყვიტეს სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერება, რა დროსაც, მის საბარგულში აღმოაჩინეს ჯერჯერობით დაუდგენელი თეთრი ნივთიერებით სავსე ოთხი საშუალო ზომის კონტეინერი.
ამჟამად გამოძიება იკვლევს, არის თუ არა ეს ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება, თუმცა თავად მიტროპოლიტი ილარიონი უარყოფს რაიმე კავშირს უკანონო საშუალებებთან და მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
გავრცელებული ცნობა უკომენტაროდ დატოვეს კრემლში. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის თქმით, მომხდარის შესახებ არაფერი იცის.
რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის სახელთან ბოლო ორ წელიწადში არაერთი სკანდალური ინფორმაცია არის დაკავშირებული. კარლოვი-ვარის ეპარქიაში ის 2024 წელს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა თანაშემწემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.
ჩეხური მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება 2025 წლის ბოლოს განიხილავდა მიტროპოლიტ ილარიონის შეყვანას ქვეყნის სანქცირებულთა სიაში, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მისი შესაძლო კავშირებისა და პრაღისთვის დამაზიანებელი საქმიანობის ხელშეწყობისთვის.
ასეთივე ეჭვები ჰქონდა შვედეთის მთავრობასაც. გამოძიების სამიზნე გახდა ვესტეროსში მდებარე რუსული ეკლესია, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა და სკანდინავიური ქვეყნის ხელისუფლებას აფიქრებდა, ხომ არ იყო ჩართული მიტროპოლიტი ჯაშუშურ სქემაში და ხომ არ ცდილობდა მოსკოვი ამ გზით, გაეძლიერებინა თავისი ჰიბრიდული ომის მანქანა.
