ჩეხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის დაკავებას სავარაუდო ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის მოსკოვი მკაცრი რეაქციით შეხვდა.
იმის მიუხედავად, რომ შემთხვევის პირველ დღეს კრემლში საკითხზე კომენტარი არ ჰქონდათ, მეორე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა პრაღის ოფიციალური დროებითი წარმომადგენელი იან ონდრეიკა და მას პროტესტი გამოუცხადა.
რუსული დიპლომატიური უწყების მტკიცებით, რუსი სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოთქმული ეჭვები და ბრალდებები არის „სრულიად უპასუხისმგებლო, აბსურდული“, ხოლო კარლოვი-ვარში, მათივე ცნობით, ანონიმური შეტყობინების შემდეგ ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია არის „უსაფუძვლო“ და თითქოს „ნათლად ადასტურებს მის წინასწარ დაგეგმილ და პროვოკაციულ ხასიათს“.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს ჩეხეთში მიზანმიმართულად დევნიან და მოითხოვენ მიტროპოლიტ ილარიონის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
სასულიერო პირი, რომელიც წარსულში ბუდაპეშტში მოსკოვის ეპარქიას მეთაურობდა, მოგვიანებით კი უნგრეთის მოქალაქეობაც მიიღო, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა წმინდა პეტრე-პავლეს ტაძრიდან გამოსვლის შემდეგ, ავტომობილით გადაადგილებისას, 24 მაისს დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, მათ გადაწყვიტეს სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერება, რა დროსაც, მის საბარგულში აღმოაჩინეს ჯერჯერობით დაუდგენელი თეთრი ნივთიერებით სავსე ოთხი საშუალო ზომის კონტეინერი.
თავად მიტროპოლიტი ილარიონი უარყოფს რაიმე კავშირს უკანონო საშუალებებთან და მომხდარს პროვოკაციას უწოდებს.
წარსულში ვლადიმერ პუტინის მიერ „ღირსების ორდენით“ დაჯილდოებული რუსი მიტროპოლიტის სახელთან ბოლო ორ წელიწადში არაერთი სკანდალური ინფორმაცია არის დაკავშირებული.
კარლოვი-ვარის ეპარქიაში ის 2024 წელს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა თანაშემწემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.
ჩეხური მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება 2025 წლის ბოლოს განიხილავდა მიტროპოლიტ ილარიონის შეყვანას ქვეყნის სანქცირებულთა სიაში, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მისი შესაძლო კავშირებისა და პრაღისთვის დამაზიანებელი საქმიანობის ხელშეწყობისთვის.
ასეთივე ეჭვები ჰქონდა შვედეთის მთავრობასაც. გამოძიების სამიზნე გახდა ვესტეროსში მდებარე რუსული ეკლესია, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობდა და სკანდინავიური ქვეყნის ხელისუფლებას აფიქრებდა, ხომ არ იყო ჩართული მიტროპოლიტი ჯაშუშურ სქემაში და ხომ არ ცდილობდა მოსკოვი ამ გზით, გაეძლიერებინა თავისი ჰიბრიდული ომის მანქანა.
