მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართა. მედიასთან საუბრის მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 სექტემბერს გორში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრისას გაკეთებული განცხადება, რომელიც „აფხაზებისა და ოსებისთვის“ ბოდიშის მოხდას ეხებოდა.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, რა იგულისხმებოდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ნათქვამში და 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში კვლავ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება დაადანაშაულა.
„ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი – ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ. ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს. ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2008 წელს ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით ჩაიწერა, რომ აგვისტოში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის გაუფრთხილებელი დაბომბვით მათ დაიწყეს, რასაც რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა. ისინი ასევე დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც სააკაშვილის მიერ ომის დაწყების ქრონიკა კიდევ უფრო დეტალურად არის აღწერილი.
ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში მოცემულ საბრალდებო დასკვნაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს გვარამიას პარტიაც, რომლის ლიდერები 2008 წელს მაშინდელ რეჟიმს წარმოადგენდნენ.
მკვლელებსა და მწამებლებს ეროვნება არა აქვთ და მათთვის ბოდიშის მოხდას არც არავინ აპირებს. ქართველი გმირების მკვლელები და მწამებლები ზუსტად ისეთივე ოსები არიან, როგორი ქართველებიც არიან სააკაშვილი და მისი სისხლიანი რეჟიმის სხვა ლიდერები, რომლებმაც 2008 წელს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. სრულიად ცხადია, რომ როდესაც ურთიერთპატიებაზეა საუბარი, მხედველობაში გვყავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე ათეული ათასი მშვიდობიანი ოსი, რომლებთან შერიგების გარეშე მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უტოპიაა, შერიგება კი, ბუნებრივია, ორმხრივი მონანიების გარეშე ვერ შედგება. არათუ ქართველი გმირების მკვლელებსა და მწამებლებთან არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი, არამედ, პირველ რიგში, თავად ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ თავის დროზე ხელისუფლების სათავეში ომის გამჩაღებელი სააკაშვილი და მისი გარემოცვა მივუშვით. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ზუსტად ისევე არიან პასუხისმგებელი სამშობლოსათვის თავდადებული ჩვენი გმირების სიკვდილზე, როგორც მათი უშუალო მკვლელები. ასეთ პირობებში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა ფარად გამოიყენოს დაღუპულ გმირთა სახელები, მხოლოდ უკიდურეს უტიფრობად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.