მთავარიამერიკავენესუელავენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭერს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერებს დაიჭერს

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პირობა დადო, რომ დააკავებს ყველა იმ ოპოზიციის ლიდერს, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.

პრეზიდენტის სასახლის აივნიდან ნიკოლას მადურომ მხარდამჭერებს მიმართა და  ოპოზიციის ლიდერის მარია კორინა მაჩადოს დაპატიმრება მოითხოვა.

„აქამდე თავს ვიკავებდით, ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოგვეყვანა. ახლა ჩვენ ვამხელთ მათ. დავიჭერთ და გავიმარჯვებთ, კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ. ქვეყანა დატოვა დიპლომატიურმა პერსონალმა. მეც გავწყვიტე ურთიერთობა კონტინენტის ფაშისტურ მთავრობებთან. ვენესუელას პატივი უნდა სცენ, საკმარისია!“ – განაცხადა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.

ვენესუელის გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულია და გამარჯვება ედმუნდო გონსალესმა მოიპოვა. 

ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო – საავტორო უფლება AP

მაჩადომ ათასობით მხარდამჭერთან ერთად აქცია აღმოსავლეთ კარაკასში გამართა  და ეროვნულ საარჩევნო საბჭოს  მოუწოდა, გაესაჯაროებინა ყველა უბნის მიერ დათვლილი შედეგები.

,,ვაპირებთ, დავიცვათ ყველა ხმა. ამ რეჟიმმა უნდა აღიაროს ის, რაც დღეს მთელმა მსოფლიომ იცის, ედმუნდო გონსალესი ჩვენი მომავალი პრეზიდენტია“ – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ.

ვენესუელის საარჩევნო საბჭოს კენჭისყრის შედეგებს ელექტრონული ხმის მიცემის აპარატი თავად ითვლის.  ოპოზიცია ითხოვს თითოეული უბნიდან, ელექტრონული აპარატის მიერ დათვლილი ხმების შედეგები გამოაქვეყნოს.

ვენესუელაში ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ნიკოლას მადურო დამარცხებას არ აღიარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend