რუსეთი კვლავ აგრძელებს ძალის დემონსტრირებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. სამხედრო საზღვაო წვრთნები, რომლებშიც კრემლის სამი ფლოტი და მათ შორის კასპიის ფლოტილია მონაწილეობს, უკვე დაწყებულია. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბარენცის ზღვაში ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდებმა სასწავლო პოზიციები უკვე დაიკავეს. ფართომასშტაბიანი სწავლების ფარგლებში სამხედრო მანევრებში თავდაპირველად ნაღმოსანი ხომალდები „კოლომნა” და „სოლოვეცკი იუნგა” ჩაერთნენ, შემდეგ კი, მცირე ზომის წყალქვეშა გემების საწინააღმდეგო ხომალდები „ბრესტი” და „სნეჟნოგორსკი”. კრემლის ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობს სარაკეტო კრეისერი „მარშალ უსტინოვი“. საბრძოლო მომზადების არეალში შევიდნენ მრავალფუნქციური წყალქვეშა ხომალდებიც.
ოფიციალური ცნობებით, პრაქტიკული მომზადების დროს მეზღვაურები რამდენიმე ათეულ საბრძოლო სწავლებას გაივლიან. მანევრები წვრთნების ამ არეალში იმიტირებული მოწინააღმდეგის მხრიდან იერიშებზე რეაგირებას ისახავს მიზნად.
რამდენიმე დღის წინ ბარენცის ზღვაში გარკვეული ინციდენტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. კრემლის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მათ რუსეთის საჰაერო სივრცეში უცხო ქვეყნის ბომბდამშენის შესვლის მცდელობა აღკვეთეს. მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ევროპულმა სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკული ბომბდამშენები რუმინეთში დაეშვნენ.
„ამერიკული B-52 თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო სამართლის წესების დაცვით მიფრინავდნენ. თუმცა ბარენცის ზღვის აკვატორიაში ორმა რუსულმა თვითმფრინავმა მათ გზა გადაუჭრა. მიუხედავად ამისა, ამერიკულმა თვითმფრინავებმა კურსი არ შეცვალეს და ინციდენტების გარეშე განაგრძეს გეგმური ფრენა დანიშნულების ადგილამდე. ამერიკულ ბომბდამშენებს მიჰყვებოდნენ ნატოს საბრძოლო თვითმფრინავები, სანამ ისინი რუმინეთის აეროდრომზე არ დაეშვნენ“, – აღნიშნულია აშშ-ის საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყება ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების შორ მანძილზე მოქმედი ავიაციის ორმა Tu-95ms სტრატეგიულმა რაკეტმზიდმა გეგმური ფრენა განახორციელა იაპონიის ზღვის ნეიტრალური წყლების საჰაერო სივრცეში. მას ორი საბრძოლო თვითმფრინავი სუ-35 და სუ-30სმ აცილებდა. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, მარშრუტის გარკვეულ ეტაპებზე სტრატეგიულ რაკეტმზიდებს უცხოური ავიაცია გადაეკვეთა, თუმცა რაიმე ინციდენტი არ მომხდარა. მოგვიანებით ამერიკულმა სამხედრო გამოცემამ „stars and stripes“ აღნიშნა, რომ ეს იყო იაპონური და სამხრეთ კორეული თვითმფრინავები.
ამასთან, კრემლი, საზღვაო და საჰაერო მანევრების გარდა არასტრატეგიული ბირთვული შეიარაღებით უკვე სწავლების მესამე ეტაპს გადის. წვრთნების ამ ეტაპზე სამხრეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების სარაკეტო ფორმირებების პერსონალი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით ვარჯიშობს. საბრძოლო მომზადების ამოცანებში შედის პოზიციების ფარული დაკავება და ელექტრონული გაშვების მომზადება. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების საავიაციო ქვედანაყოფები ამ სწავლებაშიც მონაწილეობენ.
არასტრატეგიული ბირთვული წვრთნები უკრაინასთან ახლოსაც ჩაატარა კრემლმა. წინა წვრთნებში ბელარუსის სამხედროებიც მონაწილეობდნენ. თუმცა ამჯერად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ზღვასა და ჰაერში მანევრებშიც ვარჯიშობენ.