ისრაელსა და „ჰეზბოლას” შორის გამწვავებული კონფლიქტის გამო ბეირუთის აეროპორტში უკვე რამდენიმე დღეა ფრენები უქმდება. ამის მიზეზად ავიაკომპანიები ომის საფრთხეს ასახელებენ.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ლიბანში რთული ვითარებაა, ლიბანელი ემიგრანტები ზაფხულის გასატარებლად ქვეყნის ამ რეგიონში მაინც ჩადიან.
„მე თურქეთიდან ლიბანში ჩამოვედი. სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრენები გაუქმდა. მართლაც ასეა, ზოგიერთი გადაიდო კიდეც, თუმცა აეროპორტში სიმშვიდეა. რამდენიმე ავიახაზი მაინც ახერხებს ჩამოფრენას. ყველა მეუბნებოდა, რომ აქ რთული სიტუაცია იყო, მაგრამ მინდოდა ჩამოვსულიყავი და ჩემი მეგობრები, ოჯახი მენახა. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჩემი სამშობლოა“, – ამბობს ალი შაიმი.
„მაღალმა რისკმა ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედა და ლიბანში მაინც ჩამოვედი. მიუხედავად საფრთხისა, ჩვენ აქ მაინც ჩამოვალთ“, – ამბობს ჰადო შარქავი.
![](https://euronewsgeorgia.com/wp-content/uploads/2024/07/airport.jpg)
გარდა ფრენების გაუქმებისა, რამდენიმე ქვეყანა მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ ლიბანის ტერიტორია.
მათ შორისაა ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ვითარების ესკალაციის ფონზე კი, დასავლელი ლიდერები მოუწოდებენ ისრაელს, ირანსა და ლიბანს, არ დაუშვან, რომ რეგიონში ვითარება უკონტროლო გახდეს.
შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო და რესურსი, რომ ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ ფართომასშტაბიანი ომი, რომელსაც მათივე თქმით, უმძიმესი შედეგები ექნება.