კატეგორიები

სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ მიტანილ საჰაერო იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ მიტანილ საჰაერო იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელ-ლიბანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ მიტანილ საჰაერო იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა. ეს 20 ივნისს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ანსარის მახლობლად საცხოვრებელ სახლზე მიტანილი იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

მეორე დარტყმა სოფელ დეირ ალ-ზაჰრანიში მოხდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, 17 კი დაშავდა.

ისრაელის არმიის განცხადებით, ანსარში იერიშის სამიზნე „ჰეზბოლას“ ელიტური „რადვანის ძალების“ ბატალიონის მეთაური ალი სამირ ალ-ჰაჯ ჰასანი იყო. სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს მასთან ერთად ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი სამიზნეს არ წარმოადგენდნენ.

„ჰეზბოლას“ მხარდამჭერების ინფორმაციით, იერიშის შედეგად მეთაურთან ერთად მისი მეუღლე და ოთხი შვილიც დაიღუპა.

ისრაელის ავიაციამ იერიშები მიიტანა ალი-ტაჰერის სტრატეგიულ მაღლობზეც, რომელიც ქალაქ ნაბატიეს ნაწილებსა და მისკენ მიმავალ მთავარ გზებს გადაჰყურებს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ დარტყმები „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელელ სამხედროებზე მიტანილ თავდასხმას მოჰყვა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ლიბანის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონის თავდასხმის შედეგად სამი ისრაელელი სამხედრო მძიმედ დაშავდა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა ისრაელის იერიშები დაგმო. მისი განცხადებით, თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობას აშინებს და სამხრეთ ლიბანში ვითარების სტაბილიზაციის მცდელობებს ხელს უშლის.

ისრაელმა და ლიბანმა 26 ივნისს ე.წ. „ჩარჩო შეთანხმებას“ მიაღწიეს. გეგმის მიხედვით, ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანიდან უნდა გავიდნენ, სანაცვლოდ კი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ უნდა განიარაღდეს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ისრაელსა და ლიბანს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიწევას. „ჰეზბოლა“ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა და პირდაპირ დიალოგზე უარს აცხადებს.

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელი ლიბანის ტერიტორიაზე თითქმის ყოველდღიურად განაგრძობს სამხედრო ოპერაციებს.

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ომი 2 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

მას შემდეგ ლიბანში ისრაელის იერიშებს 4 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ისრაელის მხარეს დაღუპულია დაახლოებით 40 სამხედრო და სამი მშვიდობიანი მოქალაქე.

დაკავშირებული ამბები
სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ მიტანილ საჰაერო იერიშებს 11 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე საჰაერო იერიში მიიტანა