იტალიის მთავრობა ნატოს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ეს კი სამხრეთ სამეზობლოში სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინას დანიშვნას უკავშირდება. მათ ამის შესახებ ბრიუსელს ოფიციალური წერილიც გაუგზავნეს და მოუწოდეს რეგიონის მიმართ განახლებული მიდგომა შეიმუშაოს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ვაშინგტონში გამართულ სამიტზე ხაზი გაუსვა ალიანსისთვის სამხრეთ რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და სურვილი გამოთქვა, ეს პოსტი იტალიელებს დაეკავებინათ. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილება გამოხატა იტალიის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმაც. ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე იტალიისადმი ნდობა მცირდება.
„მოდით შევეცადოთ შევაჯამოთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ვაშინგტონში ნატოს სამიტზე პრემიერ-მინისტრმა მელონიმ ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და აფრიკის კონტინენტი არა მხოლოდ იტალიისა და ევროკავშირისთვის, არამედ მთელი ალიანსისთვის. მალე, ოქტომბერში, მარკ რუტე ნატოს ახალი გენერალური მდივნის პოსტს დაიკავებს. რუტეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მელონთან. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნატო გადაწყვეტილებას შეცვლის და ამ პოსტზე იტალიელს დანიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ აფრიკისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხები იყოს ცენტრალური თემები ალიანსისთვის. კარგი იქნება, თუ ამ თანამდებობაზე იტალიელს დანიშნავენ და ამასთან, მელონის პოზიციას ალიანსმა ანგარიში უნდა გაუწიოს“, – ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი ჯანჯაკომო კალოვინი.
მელონის მთავრობისთვის სამხრეთ სამეზობლოში სპეციალურ წარმომადგენლად იტალიელის დანიშვნა აუცილებელია ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკისა და აფრიკის კონტინენტზე მისი სტრატეგიული როლის გასაძლიერებლად.