მთავარიაზიაისრაელიბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ახლო აღმოსავლეთს ლონდონის ახალი გზავნილებით ეწვია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ახლო აღმოსავლეთს ლონდონის ახალი გზავნილებით ეწვია

ღაზის სექტორში მასშტაბური საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეცხრე თვეს, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის იმედით, ახლო აღმოსავლეთს ამჯერად დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ეწვია. ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ, დევიდ ლემი ჯერ პალესტინელთა ავტონომიის ლიდერს, მაჰმუდ აბასს, მოგვიანებით კი, ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა.

„გასულ ღამეს ბრიტანეთში მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებს ვესაუბრე. ისინი წუხან თავიანთ ახლობლებზე. ვიმედოვნებ, მომდევნო დღეებში ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვიხილავთ დატყვევებულთა გათავისუფლების გზაზე. პირადად მე არ დავიშურებ დიპლომატიურ ძალისხმევას. გასულ კვირას დიდი შვიდეულის ქვეყნებსა და ენტონი ბლინკენთან ერთად ჩვენ აქტიურად განვიხილავდით ამ ტიპის შეთანხმებას. იმედი მაქვს, მალე მივაღწევთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებითაც და ღაზის სექტორში უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა და ტანჯვა დასრულდება. სწორედ ამისთვის ვარ აქ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიმედოვნებ, რომ დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ საკმაოდ პრობლემურ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემმა ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას.

„პირველ რიგში, ჩვენი მთავარი ამოცანა ტყვეთა შინ დაბრუნებაა. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მთავრობა დაუღალავად შრომობს მათ დასაბრუნებლად და მადლიერი ვარ ამ საკითხში თქვენი ძალისხმევისთვის“, – შეხვედრისას ლემს მიმართა ისააკ ჰერცოგმა, ისრაელის პრეზიდენტმა.

ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე ბრიტანეთის მაღალჩინოსნის ვიზიტის პარალელურად ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ დევნა კიდევ არაერთი წლის განმავლობაში მანამ გაგრძელდება, სანამ ისრაელი საკუთარ მიზანს არ მიაღწევს.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზა-ისრაელის საზღვართან, 14 ივლისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Tsafrir Abayov

„„ჰამასი” სუსტდება და ამას ვხედავთ. ისინი გვაძლევენ თავისუფლებას ჩვენი მიზნების მისაღწევად. ჩვენი მიზანი ტყვეების დაბრუნებაა და ჩვენ ქმედებების თავისუფლება გვაქვს, ეს არის საკვანძო მომენტი“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.

დასავლეთის სამშვიდობო შეთავაზებების მიუხედავად საპირისპირო პოზიცია აქვს „ჰამასს“, რომელიც არც ცეცხლის შეწყვეტას აპირებს და არც ისრაელის მხარესთან დაზავებას. ტერორისტული დაჯგუფების მაღალჩინოსნების განმარტებით, მათი ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ისრაელის მიერ პალესტინელი ხალხის ხოცვა-ჟლეტა“ და მოლაპარაკებებისადმი ქვეყნის არასერიოზული დამოკიდებულება გახდა.

დევიდ ლემისთვის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ეს მეორე საერთაშორისო ვიზიტია. მანამდე ის ნატოს 75-ე სამიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა. ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ ღაზის კონფლიქტთან დაკავშირებით ლონდონის რიტორიკა შეიცვალა. მანამდე კონსერვატორების მსგავსად ლეიბორისტებიც იყენებდნენ ტერმინს „ჰუმანიტარული პაუზა“, თუმცა გასულ კვირას ბრიტანეთში ღიად და აქტიურად დაიწყეს საუბარი ცეცხლის შეწყვეტის განსაკუთრებულ აუცილებლობაზე.

ღაზის სექტორში მასშტაბური საომარი მოქმედებები გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. პალესტინელი ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის შეტევის შედეგად, 38 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის გარდა „გაერომ“ ანგარიში ღაზაში ინფრასტრუქტურულ ზარალზეც გამოაქვეყნა. შეფასების თანახმად, ომის შედეგად 40 მილიონი ტონა ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას 15 წელი და 500-იდან 600 მილიონ ამერიკულ დოლარამდე დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend