კატეგორიები

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება
ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური კონკურენცია მწვავდება. გამოკითხვები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდსა“ და გადი აიზენკოტის ცენტრისტულ პარტია „იაშარს“ შორის მჭიდრო ბრძოლაზე მიუთითებს.

„ჩვენ ვიმარჯვებთ, ისრაელის მოქალაქეები იმარჯვებენ“,  ასე მიმართა მხარდამჭერებს აიზენკოტმა. მისი განცხადებით, არჩევნების მთავარი საკითხი ქვეყნის იდენტობა და ის არის, თუ როგორი სახელმწიფო იქნება ისრაელი კენჭისყრის შემდეგ.

66 წლის აიზენკოტმა სამხედრო სამსახურში ოთხი ათწლეული გაატარა და გენერალური შტაბის უფროსი გახდა. პოლიტიკაში ის 2022 წელს ჩაერთო. ღაზაში მიმდინარე ომში მან ვაჟი დაკარგა. აიზენკოტი ნეთანიაჰუს სამხედრო კაბინეტში იყო, თუმცა რვა თვის შემდეგ კაბინეტი დატოვა და პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებდა, რომ  მკაფიო სტრატეგიას არ მიმართავდა.  დღეს ის თავს ზომიერ ალტერნატივად წარმოაჩენს, თუმცა უსაფრთხოების საკითხებში მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს.

„ექვს დღეში სახელმწიფოს დაარსების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ამას ყოველი არჩევნების წინ ამბობენ, თუმცა ამ არჩევნებს, ალბათ, პირველ არჩევნებს შევადარებდი, რომელიც სახელმწიფოს შექმნიდან შვიდი თუ რვა თვის შემდეგ ჩატარდა მაშინ, როდესაც ისრაელის დემოკრატიას საფუძველი ჩაეყარა.

ამ არჩევნების დღის წესრიგში იქნება უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლება, ტრანსპორტი, ხანდაზმულთა საჭიროებები და მრავალი სხვა საკითხი. თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი საკითხი ისრაელის სახელმწიფოს იდენტობაა - როგორი იქნება ისრაელი არჩევნების მეორე დღეს, ერთი კვირის შემდეგ?“ - განაცხადა პარტია „იაშარის“ ლიდერმა გადი ეიზენკოტი.

ამავე დროს, ნეთანიაჰუ მხარდამჭერებს ქალაქ დიმონაში შეხვდა. მისი გზავნილის მთავარი თემა ირანი იყო. პრემიერმა ამომრჩევლებს მოუწოდა, თუ ირანის რეჟიმის დამხობა სურთ, ხმა „ლიკუდს“ მისცენ.

ნეთანიაჰუს მხარდამჭერები მის უსაფრთხოებისა და ეკონომიკის პოლიტიკას, ასევე დონალდ ტრამპთან ახლო ურთიერთობაზე საუბრობენ.  აშშ-ის პრეზიდენტმა მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ოპონენტები კი პრემიერს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმამდე დაშვებულ შეცდომებსა და შემდგომი ომების არასწორ მართვაში ადანაშაულებენ.

„ირანს ჩვენი განადგურება სურდა ჩვენ მათი გეგმა ჩავაშალეთ. მათ ატომური ბომბების შექმნა სურდათ - ესეც არ დავუშვით. ხამენეის ჩვენი განადგურება უნდოდა - ის აღარ არის, თუმცა ისინი ამ განზრახვაზე ხელს არ იღებენ.

ამიტომ ამ ყველაფრის დასრულების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, მხოლოდ ერთი - ამ რეჟიმის დამხობა. სწორედ ასეთი მითითება მივეცი ისრაელის თავდაცვის ძალებს, „მოსადსა“ და უსაფრთხოების ყველა სტრუქტურას“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. ისრაელში მოქალაქეები ხმას პარტიებს აძლევენ, რომლებიც შემდეგ მთავრობის შესაქმნელად კოალიციებზე მოლაპარაკებას დაიწყებენ. 120-წევრიან ქნესეთში დამოუკიდებლად უმრავლესობა ჯერ არცერთ პარტიას არ მოუპოვებია.

Show 

დაკავშირებული ამბები
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულო დაიხურა