პოლონეთი და ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოს საზღვრების დაცვის ინტერნაციონალიზაციისკენ მოუწოდებენ. ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ საზღვართან დაკავშირებული საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული თავისი საზღვრების დაცვაში.
ლიეტუვისა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებმა ვილნიუსთან ახლოს ბელარუსის საზღვრის მონაკვეთი მოინახულეს. მათ ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების დაცვის ინტერნაციონალიზაციაზე ისაუბრეს. ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემას მომდევნო ათი წლის განმავლობაში დამატებით 600 მილიონი ევრო დასჭირდება.
Wicepremier W. @KosiniakKamysz po zakończeniu rozmów z ministrem obrony 🇱🇹 @LKasciunas: spotykamy się dziś w #Wilno jako sojusznicy i przyjaciele. To spotkanie jest ważnym punktem w przygotowaniu do szczytu #NATO w #Waszyngton. Dziś rozmawialiśmy też o bezpiecznej granicy.… pic.twitter.com/WG338NjEsW
— Ministerstwo Obrony Narodowej 🇵🇱 (@MON_GOV_PL) July 3, 2024
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშიც ამბობს, რომ პოლონეთის სახელმწიფო თავის მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს იღონებს ევროკავშირისა და ნატოს აღმოსავლეთის საზღვრის უკეთ დასაცავად. ეს მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომლის მიღწევაც ევროკავშირის ჩართულობითაა შესაძლებელი. იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ცალკეული ქვეყნები ვერაფერს გახდებიან. ამიტომ მოუწოდებს ყველას, ეს საკითხი საერთაშორისო პრობლემად აღიქვან. მისი თქმით, ევროკავშირი ვალდებულია, დაიცვას თავისი საზღვრები.
გასულ კვირას, ევროსაბჭოს სხდომის წინ, ესტონელმა, ლატვიელმა, ლიეტუველმა და პოლონელმა ლიდერებმა შეადგინეს წერილი, რომელშიც ევროკავშირს მოუწოდებენ, სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავის დასაცავად პოლიტიკურად და ფინანსურად ჩაერთოს ბლოკის აღმოსავლეთით, კერძოდ, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრის გასწვრივ 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების თავდაცვითი ხაზის მშენებლობაში.