ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას არ აპირებს. „როიტერსის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია შტაბის წარმომადგენლებს, დემოკრატ კანონმდებლებსა და გუბერნატორებს უკვე გააცნო. კითხვის ნიშანი ბაიდენის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით 27 ივნისს გამართული საპრეზიდენტო დებატების შემდეგ გაჩნდა. წარუმატებელ დებატებს შეშფოთება ბაიდენის თანაპარტიელებშიც მოჰყვა და არაერთმა დემოკრატმა დეპუტატმა პრეზიდენტს მეორე ვადით კენჭისყრაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
საპრეზიდენტო დებატების შემდეგ დემოკრატთა ნაწილმა შეშფოთება საჯაროდ გამოხატა. მათ შორის, პირველი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი დეპუტატი ლოიდ დოგეტი იყო. მოგვიანებით მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ტრამპისა და მისი ავტორიტარული მისწრაფებების წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ახლა ყველაზე ძლიერი კანდიდატი სჭირდება.
„იმედი მაქვს, ბაიდენი ქვეყანას ყველაფერზე მაღლა დააყენებს. ვიცი, ტრამპი ამას არასდროს გააკეთებდა, თუმცა ის ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებს და განზე გადგება. ვფიქრობ, არსებობს რამდენიმე კანდიდატი, რომელმაც შეიძლება ის ჩაანაცვლოს და ტრამპის ავტორიტარული მმართველობის თავიდან აცილებისთვის ბრძოლაში გაგვაძლიეროს.
ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე საჯარო სამსახურსა და ჯო ბაიდენს მიუძღვნა. ახლა ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ბაიდენს, გაიღოს მსხვერპლი და თქვას, რომ განზე გადგება, რადგან ეს არის საუკეთესო გზა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიის ავტოკრატიისგან გადასარჩენად. 4 ივლისს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მან ამაზე ისაუბროს და გადაწყვეტილება მიიღოს“, – ამბობს ლოიდ დოგეტი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი დეპუტატი.
3 ივლისს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში 20-ზე მეტ გუბერნატორს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გუბერნატორებმა განაცხადეს, რომ ისინი სხვა გუბერნატორებს არ უერთდებიან და პრეზიდენტ ბაიდენის გვერდით ურყევად დგანან.
„დღეს აქ ვარ, რომ გითხრათ, ჯო ბაიდენი გამარჯვებას აპირებს. მას თითოეულმა ჩვენგანმა მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან ფსონები ამჟამად ძალიან მაღალია. ჩვენ მონარქიისა და ტირანიის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტს, რათა შევებრძოლოთ ძალას, რომელსაც დონალდ ტრამპი ჰქვია”, – თქვა ქეთი ჰოქულმა, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა პრეზიდენტთან. ჩვენ, ისევე როგორც ბევრი ამერიკელი, ვღელავთ. ვღელავთ, რადგან ტრამპის პრეზიდენტობის საფრთხე ჩვენთვის მხოლოდ თეორიული არ არის. ჩვენ ქვეყანას ვემსახურებოდით, როდესაც ის პრეზიდენტი იყო და მაშინ ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხე ძალიან რეალური იყო“, – აღნიშნა ტიმ ვალცმა, მინესოტის გუბერნატორმა.
3 ივლის „როიტერსმა“ თეთრი სახლის, დემოკრატიული პარტიისა და ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მაღალი რანგის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ჯო ბაიდენი გადაწყვეტს, საარჩევნო კამპანიას გამოეთიშოს, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კანდიდატურაზე ბაიდენის შეცვლის მთავარი ალტერნატივა იქნება.
3 ივლისსვე The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა მთავარ მოკავშირეებს განუცხადა, რომ მან იცის, რამდენად გადამწყვეტია უახლოესი დღეები და ესმის ისიც, რომ თუ ამომრჩევლებს ვერ დაარწმუნებს, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის შესაფერის ფორმაშია, შეიძლება საკუთარი კანდიდატურის გადარჩენა ვერ შეძლოს.
Folks, I know I’m not a young man, but I know how to do this job.
I know how to tell the truth. Donald Trump does not.
Watch our new ad. pic.twitter.com/xhOD1KfGfO
— Joe Biden (@JoeBiden) July 1, 2024
„როიტერსის“ წყაროების თანახმად, იმავე დღეს ჯო ბაიდენმა საკუთარი საარჩევნო შტაბის თანამშრომლებთან ისაუბრა. პრეზიდენტმა საკუთარ გუნდს განუცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.