ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 თვე რჩება და ევროპაში ჯერ ისევ არ იციან, თუ როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა, როგორც ნატოს ფორმატში, ასევე ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისით. იყო ვერსიები, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში ამერიკა ალიანსს დატოვებს. ტრამპმა ისიც კი თქვა, რომ წაახალისებდა რუსეთს ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმაში, ისეთ ქვეყანაზე, რომელიც არ ასრულებს თავის ფინანსურ ვალდებულებებს ალიანსში.
გამოცემა „პოლიტიკოს“ ახალი სტატია ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს გაუჩენს. გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას, რომლის განხორციელებაც სურს პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში. სტატიაში საუბარია საქართველოსა და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის შესახებაც. გამოცემის ორი წყაროს თანახმად, ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც, ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებასა და ახალ წევრებად უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე. ასევე გამოცემის ცნობით, ტრამპს პუტინთან აქვს მოლაპარაკება უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის შესახებ.
ფაქტია, რომ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებით გამოწვეულმა რისკებმა ევროპას მისცა ბიძგი გადაეაზრებინა უსაფრთხოების არქიტექტურა. ნატოს ქვეყნებმა სამხედრო მიზნებისთვის გამოყოფილი ხარჯები მკვეთრად გაზარდეს. ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, ბოლო განცხადების თანახმად, მთლიანობაში ევროპულმა სახელმწიფოებმა და კანადამ ნატოს ბიუჯეტი წელს 18%-ით გაზარდეს, რაც ათწლეულების განმავლობაში უპრეცედენტო მაჩვენებელია. ხოლო ნატოს 23 წევრი სახელმწიფო თავდაცვაზე წელს მშპ-ის 2%-სა და მეტს დახარჯავს…
თუ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა, მას უკვე ალიანსის სხვა გენერალური მდივანი დახვდება. მარკ რუტე, რომელიც საკუთარ განცხადებებში, ტრამპის დაბრუნების შესაძლებლობით აღელვებულ ევროპულ ლიდერებს ხშირად მოუწოდებდა, შეეწყვიტათ წუწუნი და გაეზარდათ სამხედრო ხარჯები, ისევ საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
ერთ კვირაზე ცოტა დრო რჩება ნატოს სამიტამდე, სადაც ალიანსის 75 წლის იუბილე უნდა აღნიშნონ და სიმბოლურად ეს სამიტი ამერიკის დედაქალაქ ვაშინგტონში იმართება იმ ფონზე, როცა დღეს ისეთი ბუნდოვანია ამერიკის სამომავლო მონაწილეობა ნატოს ფორმატში, როგორც არასდროს… მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. სწორედ ამ დღეს უნდა გადაწყვიტონ ამერიკის მოქალაქეებმა, თუ ვინ გადაიბარებს ამერიკის პრეზიდენტობასა და მსოფლიო პოლიტიკის მთავარ ტენდენციებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
სოფო მაქაცარია
ევრონიუს ჯორჯია